“თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება, სიამოვნებით ვიჯაშუშებ, თქვენ კი აფარებთ ხელს მკვლელებს, რომელიც ბერლინში ციანიდის წაღებას და იქ უბედურების დატრიალებას აპირებდა”- ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის ოქროს მოწმემ ირაკლი მამალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გადაცემაში დებატები მასსა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატ, მიხეილ რამიშვილს შორის მიმდინარეობდა. მამალაძემ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და ასევე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ტარას შავშიშვილი ბრალდებული დეკანოზის თანამზრახველებად დაასახელა.
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა კი მას შეახსენა, რომ ჩვენებაში დეკანოზის თანამზრახველად 3 პირი ჰყავს მოხსენიებული. ესენი არიან მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, სოსო ოხანაშვილი და ტარას შავშიშვილი. ამაზე ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ მას ჩვენებაში მეუფე დიმიტრი არ უხსენებია.
„ხან ჯაშუში მეძახეთ. დიახაც, ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ ვიჯაშუშებ კიდეც. თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება, სიამოვნებით ვიჯაშუშებ, თქვენ კი აფარებთ ხელს მკვლელებს, რომელიც აპირებდა ბერლინში ციანიდის წაღებას და იქ უბედურების დატრიალებას. მე პირველ რიგში ჩემი თავი გადავარჩინე, თორემ მამალაძის გვერდზე ვიჯდებოდი, შეიძლებოდა თქვენს იმედად ვყოფილიყავი და დავიღუპებოდი კიდეც. ან უნდა მივსულიყავი პროკურატურაში ან უნდა გადავმხტარიყავი მტკვარში“, – მიმართა ირაკლი მამალაძემ მიხეილ რამიშვილს.
მან ადვოკატს უთხრა, რომ კადრები, რომლებიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაუშვა, სადაც ის ფარულად იწერს მასსა და დეკანოზს შორის საუბარს, ტელეკომპანიას სწორედ მიხეილ რამიშვილმა გადასცა, რადგან მხოლოდ მას არ აქვს ხელი მოწერილი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე. რაზეც რამიშვილმა უპასუხა, რომ კადრები მას არ გადაუცია არხისთვის და ირაკლი მამალაძე ამჯერადაც ცრუობს:
“ის კადრები რატომ არ მიეცით ტელევიზიას, „არმანის“ ანაფორაზე რომ საუბრობს მამაო? დადეთ მთლიანი კადრები და ნახავს ხალხი ყველაფერს. ნახავს, თუ როგორ გამოიყურება დამნაშავე“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
შეგახსენებთ, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. შესაბამისად, ბრალდებული გიორგი მამალაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ზემოაღნიშნული მუხლებით და მას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.