ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უხარისხო არმატურა და დაბალი მარკის ბეტონი”: რამდენად სანდოა ახალი კორპუსები

ახალი შენობების ექსპლოატაციის ვადა 100 წელია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მშენებლობის სტანდარტი დაცულია და ობიექტი ლაბორატორიულადაც არის შემოწმებული. 

სამშენებლო დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალი კორპუსების ნახევარზე მეტი უხარისხო სამშენებლო მასალით შენდება. როგორც გაზეთი “რეზონანსი”, სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს, აქედან გამომდინარე, ახალი აშენებული სახლების ნაწილი ნორმას საერთოდ ვერ აკმაყოფილებს და მათი ექსპლოატაციის ვადა რეალურად 30-40 წელიწადს არ აღემატება.

სამწუხაროდ, ეს არ არის ეჭვი, არსებობს კვლევებზე დამყარებული, დასაბუთებული ფაქტი, რომ მშენებელთა დიდი ნაწილი უხარისხო მასალებს იყენებს, რაც კორპუსების მდგრადობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ორგანიზაცია “მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე”-ს ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე ამბობს, რომ თბილისში რამდენიმე ახალი ნაგებობაა, რომელთა მობინადრებს დიდი რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება და თავად ამის შესახებ არაფერი იციან.

“შენობის ექსპლოატაციის ვადას განსაზღვრავს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებში გამოყენებული მასალის ხარისხი. წესით, მისი ნორმატიული ხანგძლივობა 100 წლის ფარგლებშია, თუმცა ეს მხოლოდ იმ პირობებში, როცა სტანდარტი დაცულია და მასალებიც ლაბორატორიულად შემოწმებული. ჩვენთან არც ერთი პირობა არ არის დაცული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი ბინების მასობრივი პრივატიზაცია მოახდინეს.

მაგალითად, ჩამომდინარე წვიმის წყალი შენობის მდგრადობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. შენობის სახურავიდან წყალი უნდა ჩამოდიოდეს ისე, რომ სახლის კედელი არ ზიანდებოდეს, რაც მთავარია, წყალი ფუნდამენტში არ უნდა ხვდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, საერთაშორისო ნორმით, შენობა არც მოწმდება და ისე ენიჭება ავარიული სახლის სტატუსი.

ასეთ მიდგომას თუ გამოვიყენებთ, საცხოვრებელი კორპუსების 90% საქართველოში ავარიულად ჩაითვლება. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მილები ხშირად ჩადის სარდაფებში. ამ დეტალის გამო, ბევრი შენობა ავარიულ მდგომარეობამდე მიიყვანეს”, – აცხადებს საკანდელიძე.

რაც შეეხება ძველ სახლებს, სპეციალისტის განმარტებით, მათი ექსპლოატაციის ვადა სხვადასხვაა და ძირითადად, 50-80 წლის ფარგლებშია. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობაა აქვს, შენობა კარკასული ტიპისაა თუ პანელოვანი, რაც შენობის სიმტკიცეს განაპირობებს.

“ბოლო დროს “ხრუშოვკებზე” ატეხეს ხმაური, მაგრამ სინამდვილეში ამ მხრივ არც ასე ცუდადაა საქმე. როცა დედაქალაქში შემოწმებას ვატარებდით, იმ ტიპის სახლებმა, რომლებიც პანელოვანი ტიპისაა, საკმაო გამძლეობა აჩვენა. მათი ექსპლოატაციის ვადა 50 წელია, მაგრამ ზოგს უკვე 70 წელი გაუვიდა და დღესაც ბევრ ახალ აშენებულ შენობას სჯობს.

როცა სომხეთში ცნობილი მიწისძვრა მოხდა, ქალაქ ლენინიკანში თითქმის არც ერთი “ხრუშოვკა” არ დანგრეულა. კარკასული ტიპის შენობები კი მასობრივად განადგურდა. კერძოდ, რკინაბეტონების კარკასული ტიპის შენობების 98% დაინგრა და საშინელი მსხვერპლი მოჰყვა. მათ “მკვლელი შენობები” შეარქვეს კიდეც. საქართველოში საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობა სწორედ ამ ტიპისაა.

2009 წელს მიღებული ნორმით, რომელიც 2010 წლის 1-ლი იანვრიდან დაკანონდა, 12 სართულს ზემოთ შენობის სიმაღლე შეიზღუდა. სამწუხაროდ, ვერაფერი გავაკეთეთ, რომ ახალი ტექნოლოგიები შემოგვეღო. დღესაც ძველი მეთოდებით იგება შენობები. რაც 12 სართულს ზემოთაა, ეს არის უკანონო მშენებლობა, მაგრამ არავინ ითვალისწინებს და ელემენტარულად, არც კი ამოწმებენ. რეალურად არც ნორმაა გათვალისწინებული და არც კონტროლი მიმდინარეობს”, – აცხადებს საკანდელიძე.

შენობის ნორმატიულ ხანგამძლეობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული არმატურის ხარისხი. საქართველოში ამ მხრივ ვითარება მეტად არასახარბიელოა.

“არაფრით შეიძლება, ასეთი მასალის გამოყენება. ლითონი რომ დაიწყებს კოროზიას, დროთა განმავლობაში თხელდება და დიამეტრი მცირდება, ხშირ შემთხვევაში, ნახევრდება, ვერ უძლებს დატვირთვას და შენობა ინგრევა. ეს არის მშენებლობის დროს ბომბის ჩადება. ასეთი შენობა 30 წელიწადში დაბზარვას დაიწყებს, შემდეგ ეს ბზარი გაფართოვდება, შიგნით ჩავა წყალი და დაიწყებს ბეტონი დაშლას. ყველაზე კარგ შემთხვევაში სახლი 40 წელიწადში ჩამოიშლება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შენობა გადადის ავარიულ მდგომარეობაში. მიწისძვრას ხომ საერთოდ ვერ გაუძლებს.

თბილისი არის განწირული ქალაქი, ვინაიდან ასეთი ერთეული შემთხვევა როდი იყო. წლების განმავლობაში კორპუსები ფალსიფიცირებული ბეტონით და კოროზირებული არმატურით შენდებოდა”, – აცხადებს ანზორ საკანდელიძე.

საკრებულოს დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ადასტურებს, რომ რამდენიმე წლის წინ სპეციალისტებთან ერთად თბილისში მიმდინარე სამშენებლო პროცესი შეამოწმეს და ძალიან მძიმე შედეგი მიიღეს.

“მშენებლობის დროებითი კომისიის თავმჯდომარე გახლდით. სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით დავიწყეთ თბილისში სამშენებლო პროცესის შესწავლა. შედეგი მივიღეთ სავალალო. არც ერთი შენობის ბეტონის სიმტკიცე სტანდარტებში არ ჯდებოდა. ხარისხი იყო ძალიან დაბალი.

დავაყენეთ ასეთი მშენებლობების შეჩერების საკითხი, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო ჩვენი მოთხოვნა. არაერთი შემთხვევაა, როცა მშენებლები იყენებენ უხარისხო არმატურას და და დაბალი მარკის ბეტონს, რაც უნდა უზრუნველყოფდეს შენობის სეისმომედეგობას. იყო შემთხვევები, როცა 200-300 მარკის ბეტონის ნაცვლად, 150-ს არ სცილდებოდა მათი სიმტკიცეები და ნახევარი თბილისი ასეა აშენებული. ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე ზოგიერთ უცხოურ კომპანიასაც, რომელიც აქ მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და კანონებით სარგებლობს”, – აღნიშნავს მაჩაიძე.<ურბანისტების რეკომენდაციით, თითოეული ობიექტი მშენებლობის პროცესშივე საფუძვლიანად უნდა მოწმდებოდეს. არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი განმარტავს, რომ ახლა მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია, მაგრამ აუცილებელია, ჩატარდეს დეტალური კვლევა, რათა დედაქალაქმა მოსალოდნელი სერიოზული საფრთხე თავიდან აიცილოს.“ე.წ. “ხრუშჩოვკების” ექსპლოატაციის ვადა სულ რამდენიმე ათეული წელია. ეს სოციალური ფაქტორებით იყო განსაზღვრული და არა ფიზიკურით, რადგან დღემდე არავინ იცის ბეტონს რამდენ ხანს შეუძლია გაძლოს. დღეს მთავარი ისაა, რომ ისინი სოციალურად ვარგისნი აღარ არიან და იმ საცხოვრებელ პირობებს აღარ ქმნიან, რაც დღეს მცხოვრებ ადამიანს სჭირდება. გავიდა ის ეპოქა. “ხურშჩოვკებმა” თავის დროზე ფუნქცია შეასრულა – უსახლკარო, გაჭირვებული ხალხი სახელმწიფომ უფასოდ ჩაასახლა. ამ სახლებმა ამდენად თავისი ვალი მოიხადა და ახლა უკვე ამ კვარტალების დაგეგმარებაზეა ფიქრი საჭირო. ყველა შესაცვლელია, ზოგი რეკონსტრუქციით და ზოგი ხელახლა აშენებით.პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ უნდა დაგეგმოს და სისტემა შექმნას. ქალაქი ვალდებულია სპეციალური სამსახური ჰქონდეს, რომელიც მთელ საცხოვრებელ ფონდს რეგულარალურად ჩაუტარებს გამოკვლევებს. ხიდებს ხომ ამოწმებენ, რომ არ ჩაინგრეს, ასე უნდა ამოწმონ თითოეული სახლი. მთავარია ზუსტად დადგინდეს და დიაგნოზი დაისვას, თუ სადაა სამუშაოები ჩასატარებელი და სად არის დანგრევისა და ახლის აშენების აუცილებლობა”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” გიგა ბათიაშვილმა.რეზონანსი

იტვირთბა....