საქართველო ბოლო ერთი თვის განმავლოობაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ხანძარს ებრძვის. ტყის ხანძრების მონიტორინგის მსოფლიო სისტემის (Global Forest Fire Watch) ბაზაში 16-დან 23 აგვისტომდე საქართველოში 366 შეტყობინება დაფიქსირდა.
საქართველოს 10 რეგიონი ერთ თვის მანძილზე ცეცხლის ალშია გახვეული. ამ დრომდე ხანძარს კახეთში, თუშეთში და ხულოში ებრძვიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველდღიურად ხანძრის შესახებ ინფორმაცია, იმერეთიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან და თბილისიდან შევიდა.
ატენი, ბორჯომი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, მესტია, წეროვანი, ბახაო, ახალციხე, პანკისი – ეს იმ ლოკაციების არასრული ჩამონათვალია, სადაც მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ხანძარი თითქმის ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა.
მხოლოდ 20 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა 4 რთული ხანძარი ჩააქრეს. ამ დღეს, ცეცხლი გაჩნდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაბა სურამში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში.
საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხანძარი 35-ჯერ გაჩნდა. პირველი შეტყობინება ხანძრის შესახებ 7 აგვისტოს თბილისიდან შევიდა. დიდ დიღომში, „გუდვილთან“ ცეცხლი საბურავებსა და ბალახს გაუჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.
8 აგვისტოს ცეცხლი მთაწმინდაზე გაჩნდა, 10 აგვისტოს – შიდა ქართლში, სოფელ შავშვებთან. 11 აგვისტოს ავჭალაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 1 ჰექტარი დაიწვა. 12 აგვისტოს ცეცხლი გარდაბანში, დაცულ ტერიტორიაზე გაჩნდა. დაიწვა 500 კვადრატული მეტრი, მათ შორის, ხეები და ბუჩქები.
13 აგვისტოს შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მესტიიდან შევიდა. ცეცხლი მესტიის ტყეში გაჩნდა.
20 აგვისტოს ხანძარი რამდენიმე ადგილას ერთდროულად გაჩნდა.
დილიდან შეტყობინება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან შევიდა. ცეცხლი ჰექტარ-ნახევარ ფართობზე გავრცელდა.
ასევე 20 აგვისტოს ხანძარი იყო დაბა სურამში და ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯოში.
სწორედ 20 აგვისტოს დაიწყო ხანძარი ბორჯომში. ცეცხლი წაღვერის ტყეში 20 აგვისტოს გაჩნდა. ის თავდაპირველად 500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული, თუმცა მისი ჩაქრობა 6 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა, რის გამოც უნიკალური ტყის 100 ჰექტარზე მეტი დაიწვა.
21 აგვისტოს ხანძრის შესახებ შეტყობინება ისევ თბილისიდან შევიდა.
22 აგვისტოს ხანძარი იყო ატენის ხეობასა და ჟინვალში. საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 3 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. სწორედ ამ ხანძრის გამო სამაშველო ოპერაციაში ჯარის ჩართვა გახდა საჭირო.
22 აგვისტოს ხანძარი იყო გლდანის ხევშიც. 23 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა დუშეთის ტყეში, თუმცა მისი ლოკალიზება მალევე მოხერხდა.
23 აგვისტოს – დედოფლისწყარო-გამარჯვების მონაკვეთზე ცეცხლი გაჩნდა.
რამდენიმე ადგილას ერთდროულად იყო ხანძარი 24 აგვისტოსაც. წეროვანში ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს მოეკიდა.
ასევე 24 აგვისტოს ხანძარი იყო პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში.
25 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ახალციხეში, სოფელ ურვალეთში. დაიწვა ერთ ნახევარი ჰექტარი ტერიტორია.
28 აგვისტოს ახალციხეში, ამჯერად, სოფელ სვირში, ხანძარი 29 აგვისტოს ცეცხლი აბასთუმნის ტყეში გაჩნდა. ტერიტორია ამჯერადაც მიუვალი აღმოჩნდა და ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე დღე ვერ მოხერხდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე და გარემოს დაცვის ყოფილი მონისტრი ნინო ჩხობაძე „მეტრონომთან“ იმ მთავარ მიზეზებზე საუბრობს, რაც შესაძლოა გახშირებული ხანძრების გამომწვევი იყოს. ჩხობაძე ამბობს, რომ ზოგადად კლიმატის ცვლილების ფონზე, უფრო გახშირებულ ხანძრებს უნდა ველოდოთ. ამიტომ საქართველოც და მისი მოსახლეობაც ამისთვის მზად უნდა იყოს.
ჩხობაძის განცხადებით, ხანძრის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი გვალვაა, რაც ნიადაგის და მცენარეების გამოშრობას იწვევს, რა დროსაც ცეცხლის გაჩენა ნებისმიერმა ელემენტარულმა შემთხვევამაც შეიძლება გამოიწვიოს. გარემოს დამცველის თქმით, ტყეში ნამწვის გადაგდება, ბოთლის დაგდება, შუშის პატარა ნაგლეჯის დატოვება, ყველაფერმა ამან შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს. თუმცა, ჩხობაძეს მიაჩნია, რომ ყველაფერი ეს გარემოებები დეტალურად უნდა იყოს შესაწავლილი.
„კლიმატის ცვლილების ფონზე, ტყის ხანძრები უფრო გახშირდება, ამიტომ მეტი ძალისხმევა და ყუარდღება გვესაჭიროება. საქართველოს ყველა იმ რეგიონში, სსადაც ხანძარი გაჩნდა, მაღალი ტემპერატურის დაფიქსირება ხდება. იმ ადგილებში, სადაც ეს მანამდე დამახასიათებელი არ იყო.
დიდი ხნის გვალვებმა გამოაშრო ტყეები და მდელოები, რაც გახშირებული ხანძრების ერთ-ერთი მიზეზია.
მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელსაც გვქონდა ხანძრები, შარშანწინაც და მანამდეც. თუმცა, ასეთი მასშტაბი, როგორიც წელს იყო ბორჯომის ტყეში, ჯერ არ ყოფილა. 2012 წელს ისე ერთდროულად ჩნდებოდა ხანძრები, რომ საათებში ემთხვეოდა ერთმანეთს. 2013 წელს ზუსტად ამჟამად ნახანძრალ ტერიტორიებზე იყო სტიქია, ოღონდ მაშინ ლოკალიზებას უფრო ახდენდნენ, რადგან დიდი მასშტაბი არ ჰქონდა.
დიდი ხანია, გვალვებია და ამას თან ერთვის ჰაერის მაღალი ტემპერატურა. მეორე ასპექტი, რაც შეიძლება ხანძრის მიზეზი გამხდარიყო, ეს არის ტყეებში ნარჩენის განთავსება. საყოფაცხოვრებო ნარჩენის მხურვალება 70 გრადუსამდე ადის, საკმარისია ოდნავ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს, რომ ადვილად აალდება.
ასევეა პლასტამასის ბოთლებიც. სერიოზული პრობლემაა ნაკვეთის გაწმენდის დროს ცეცხლის მოკიდება და გადაწვა, რაც კახეთის ზონისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია. ამიტომ ხელისუფლებამ ამ კუთხით განსაკუთრებით უნდა იმუშაოს, რადგანაც როგორც ტურისტებს ისევე ადგილობრივებს ამ საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
ხანძრის მიზეზი შეიძლება იყოს დაუდევრობაც. ლიცენზიანტები, რომლებიც ჭრიან ხეებს და გამოაქვთ, ხე-ტყის ნარჩენს ადგილზევე ტოვებენ, რაც აგრეთვე ხანძარსაშიშია. ბორჯომის შემთხვევაში ვფიქრობ სწორედ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ესეც შეიძლება ყოფილიყო. ცეცხლის ჩასაქრობად მისულ მაშველ-მეხანძრეებს ადგილზე წლობით გაუტანელი ხე-ტყის მასალა და ნარჩენები დახვდათ“, – ამბობს ჩხობაძე „მეტრონომთან“
მისი თქმით, დივერსიის ვერსიას რაც შეეხება, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და წინასწარ ამაზე საუბრი ფაქტების გარეშე რთულია. ჩხობაძის აზრით, აუცილებელია, რომ მეტყევეებმა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები ჩაატარონ. მათ ტყიდან ნარჩენები უნდა გამოტანონ. ჩხობაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ტყეში შექმნან სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ტყის მონიტორინგს განახორციელებენ და ასეთ სახიფათო ადგილებში იმორიგევებენ.
გარდა ამისა, გარემოს დამცევლის აზრით, აუცილებელია ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკები არსებობდეს, ასევე საგუშაგოები და მინერალიზებული ზონები. სწორედ ამ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების არარსებობის გამო, ქვეყანამ მაქსიმალური ზარალი მიიღო.
„კიდევ ბევრი ქმედებაა დასახვეწი ხანძართან მიმართებით. უნდა არსებობდეს კარგად დამუშავებული და დანერგილი სისტემა. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს, როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობაც, აღნიშნულ საქმეში მათაც უნდა იცოდნენ თავისი ფუნქცია და როლი. მნიშვნელოვანია მოქმედი კანონით, ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით, პასუხისმგებელი ორგანო მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროა. მინდა აღვნიშნო, რომ პრევენციული ღონისძებები დღეს მოქმედი კანონმდებლობით სუსტად არის გაწერილი.“ – განაცხადა ჩხობაძემ „მეტრონომთან“.
მისი განცხადებით, ხანძრის შემდეგ აუცილებელია დაზიანებული ნიადაგის შესწავლა. სავალალო მდგომარებას ასევე ქვეყანაში მწვანე საფარის არ ქონა გამოიწვევს. თუმცა, გარემოს დამცველის თქმით, ეს მასშტაბი ჯერ რაც გვაქვს, ჯერჯერობით კატასტროფას არ გამოიწვევს. თუმცა, სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, რომელიმე რეგიონში შესაძლოა ეკოლოგიურ კატასტროფამდე მივიდეთ.
„ყველა ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა, მკაფიოდ უნდა აღრიცხონ, უნდა დადგინდეს ფართობი და ასევე რომელი ჯიშის ხეები დაიწვა, ეს იქნება პირველი პრევენცია შემდეგი ხანძრისთვის, ნებისმიერი ნახანძრალი ადგილი ისევ პირველ ზონად და კერად რჩება შემდგომი სტიქიისთვის. დაზიანებული ნიადაგის აღსადგენად პირველ რიგში, ექსპერტები უნდა ჩავიდნენ ადგილზე და სიტუაციას გაეცნონ. შემდეგ აღდგენითი სამუშაოები უნდა დავგეგმოთ“, – ამბობს ჩხობაძე „მეტრონომთან“.
საქართველოში ხანძრების სტატისტიკას ქვეყანაში სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2001 წლიდან ითვლის. არსებული მონაცემებით ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობით 2003 წელი გამოირჩევა, ხანძრის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი 2016 წელს დაშავდა. 2017 წლისი მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს.
ავტორი: ელზა პაპოშვილი