„ამ საქმეში ყველაზე ეჭვმიტანილი და გამოცდილი რუსეთია“
ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ საქართველოში ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის სახვადასხვა რეგიონში ორგანიზებული ხანძრები, შესაძლოა დივერსიის შედეგი იყოს. ალადაშვილის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატის, ანუ დრონის გამოყენებით, რამდენიმე კილოგრამიან თერმიტულ ხელყუმბარებს ყრიდეს ქვეყნის მთაგორიან ადგილებში, სადაც ცეცხლის ლიკვიდაცია ყველაზე რთულია.
ალადაშვილი ამბობს, რომ დრონის აღმოჩენა საქართველოს ძალიან გაუჭირდება, რადგანაც ის ისეთი კომპოზიციური მასალისგან არის დამზადებული, რომ მისი პოვნა რადიოკაციული საშუალებებით, მითუმეტეს მთაგორიან რელიეფზე, შეუძლებელია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთისთვის ეს ე.წ. ჰიბრიდული ომის ნაწილია, რაც მოსახლეობას მისი ხელისუფლების უნიათობაში არწმუნებს.
„მეტრონომი“: საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 35-მდე ხანძარი დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა და მმართველი გუნდის წევრებმა დივერსიის ფაქტები არ გამორიცხეს. როგორია თქვენი მოსაზრება და როგორ შეიძლება მსგავსი სახის დივერსიების მოწყობა ისე, რომ სპეცსამსახურებმა მისი აღმოჩენა ვერ შეძლონ?
ირაკლი ალადაშვილი: პირველ რიგში, ჯერ ამ ხანძრების ლიკვიდაცია უნდა მოხდეს. შემდეგ კი ამ სიტუაციის ანალიზი უნდა დავიწყოთ. ასე გახშირებული და ერთმანეთზე მიყოლებული ხანძრის კერის გაჩენა, რა თქმა უნდა, აჩენს მოსაზრებას, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი არაბუნებრივია. მითუმეტეს, საეჭოა დროში დამთხვევა და თანაც ისეთ მიუვალ ადგილებში, სადაც ადამიანი იშვიათია ავიდეს.
– ვის შეიძლება ეს აწყობდეს, ფიქრობთ, რომ შეიძლება ამას უცხო ქვეყნის სპეცამსახურები მიზანმიმართულად აკეთებდნენ?
– რა თქმა უნდა, ამას ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყანა შეიძლება აკეთებდეს, თუმცა ამ საქმეში ყველაზე ეჭვმიტანილი და გამოცდილი რუსეთია. მითუმეტეს, ხანძრები იმ ადგილებში ჩნდება, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსულმა ავიაციამ გააჩინა.
ამისთვის ყველაზე მარტივი და კომფორტული უპილოტო საფრენი აპარატი დრონია, რომელიც შეიძლება თვითმფრინავის და შოუმფრენის კონსტრუქციის იყოს. მას არა მარტო სამხედროები, არამედ სამოქალაქო პირებიც იყენებენ და მისი ყიდვა ძალიან ადვილად მაღაზიებშიც შეიძლება. დრონს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვიდეოსა და ფოტო-გადაღების დანიშნულება აქვს.
თუმცა, უკვე არსებობს მსოფლიოში დრონები, რომლებსაც რამდენიმე კილოგრამის გადაზიდვა შეუძლიათ. ასეთებია “კვადროკოფტერი”, რომელზეც რამოდენიმე კილოგრამიანი „თერმიტული“ ბომბის დაყენება პრობლემა არ არის, რომელიც ჩამოვარდნის შემდეგ, ტემპერატურას გამოყოფს და იწვის.
ძირითადად, ხანძრები მიუვალ ადგილებში მთის მწვერვალებზე ჩნდება. ამიტომ ვინმეზე დაბრალება, რომ ამას ადამიანების ჯგუფები აკეთებენ, რთულია. იქ ასვლა საკმაოდ ჭირს და ვხედავთ, რომ კოხტას მთაზე მაშველები ვერტმფრენებით გადაყავთ.
– ანუ თქვენ გამორიცხავთ იმ ვერსიას, რომ ხე-ტყის უკანონო ჩეხვის გადასაფარად ამას ადამიანები აკეთებდნენ?
– ვისაც ასეთი უკანონობის გადაფარვა უნდა, ამას ის ერთხელ აკეთებს და ისიც ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანს მისვლა ადვილად შეუძლია. ასე ერთდროულად და მიუვალ ადგილებში ამას ვერ იზამს.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ საერთოდ დახვეწა და ტანკებს დრონებით აფეთქებენ.
ოკუპირებული ცხინვალიდან, ბორჯომის ხეობამდე 45 კილომეტრია, რომელსაც რუსების მფლობელობაში მყოფი დრონები იოლად ფარავენ. ამიტომ მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თუ რა მიზნთ და როგორ ეს უკვე სხვა საკითხებია.
– მსგავსი სახის დრონების აღმოჩენა ქართული მხარისთვის რთულია?
– დრონი იმით გამორჩევა, რომ მას პილოტი არ ჰყავს და მინიატურულია. გარდა ამისა, დამზადებულია კომპოზიციური მასალისგან, რაც მის აღმოჩენას რადიოკაციული საშუალებებით, მითუმეტეს მთაგორიან რელიეფზე ართულებს. ასევე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები ამ კუთხით ძალიან სუსტია. დღისით კიდევ არსებობს მცირე შანსი, რომ მისი აღმოჩენა მოხდეს, თუმცა ვიზუალურად, ესეც რთულია. რაც შეეხება ღამეს, მისი დანახვა სრულად შეუძლებელია. მითუმეტეს, ასეთ დროს მაშუქებს ურთავენ და ხმაც საერთოდ არა აქვს.
– რეგიონები, სადაც ხანძრები ჩნდება, რუსეთისთვის რა სახის სტრატეგიული დანიშნულების შეიძლება იყოს?
– პირადად ჩემთვის, ეჭვს ის აჩენს, რომ ხანძრები ერთ კონკრეტულ დროს და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დაიწყო. კი, შეიძლება ამას ახსნა ჰქონდეს, რომ გვალვებია და ხანძარიც ამიტომ ჩნდება, მაგრამ მაინც ეს თემა უნდა გადაიხედოს. ჩნდება აზრი, რომ მსგავსი ტაქტიკა ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რუსები ამით მოსახლეობას მისი ხელისუფლების უნიათობას აჩვენებს.
– რამდენად ადვილია მსგავსი ხანძრების დროს გამოძიება და დადგენა, არის თუ არა ეს დივერსია, ან ბუნებრივი მოვლენა?
– ხანძრების ადგილებში მეც დავდივარ და ჩემი თვალით ვხედავ რაც ხდება. ანუ გადამწვარი სადაც არის ცეცხლის კერა, ძალიან რთულია კრიმინალისტებმა იქ რამე იპოვონ. თუმცა, მონდომების შემთხვევაში, რაღაც აზრის გამოტანა შეიძლება.
– მსგავსი სიტუაციისთვის ხელისუფლება რამდენად მზად აღმოჩნდა და ამ ხანძრებმა რა სახის ხარვეზები გამოაჩინა, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს აუცილებლად უნდა გავითვალსიწინოთ…
– ასეთი სერიოზული ხანძრების დროს, მზად არცერთი განვითარებული ქვეყნების ხელისუფლება არ არის. თუმცა, ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი შეღავათის მომცემი არ უნდა იყოს. ბორჯომის ხანძრის დროს, რამდენიმე გასათვალისწინებელი პრობლემა გამოაშკარავდა.
პირველ რიგში, ეს არის შოუმფრენთა პარკი თუ მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანა. იგივე მეხანძრეების აღჭურვილობა, მაშველებს ხანძართან ძალიან მწირი ინფრასტრუქტურით უწევთ ბრძოლა. ასევე მთავარ და ყურადსაღებ პრობლემას ტყეში შექმნილი სიტუაცია წარმოადგენს.
თავის დროზე არასწორი ხე-ტყის კონტრაბანდის შედეგად, ტოტები და მორები რაც არ გაიტანეს, წლებია იქ ყრია. ეს ყველაფერი ჩალპა და პატარა ცეცხლიც საკმარისია, რომ აგიზგიზდეს.
ამიტომ შეძლებისდაგვარად ტყეებია გასაწმენდი, მეორე ტყეებში გზა უნდა არსებობდეს და ასეთი კრიზისული შემთხვევების დროს არ უნდა გვჭირდებოდეს გზების გაყვანა. მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო ავიაცია სასწრაფოა, მარტო მას სერიოზული ცეცხლის ჩაქრობა არ შეუძლია, რადგანაც თუ ქარია და ტემპერატურა იწევს, ჩაქრობილი ხანძარი ხელახლა ჩნდება. ამისათვის საჭიროა, რომ ავიაციასთან ერთად მიწაზე მეხანძრეებმაც იმუშაონ. ასევე აუცილებელია წყლის გარდა სპეციალური ქაფი გაერიოს, რომელიც ხანძარს უფრო სწრაფად აქრობს.
ავტორი: ელზა პაპოშვილი