გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში კვირიკე მესამის საფლავის შესწავლა დაიწყო. ადგილზე დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სპეციალისტები ჩავიდნენ.
მათი თქმით, საფლავი, საპატრიარქოსთან შეთანხმების შესაბამისად, არ გაიხსნება, თუმცა, მოხდება მისი შესწავლა და დაცვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნათლისმცემლის ტაძრის რესტავრაციის დროს საფლავზე წარწერას მიაკვლიეს, რომლის თანახმად, იქ კახეთ-ჰერეთის მეფე, კვირიკე მესამე, განისვენებს.
ადგილობრივები “მეტრონომთან” საუბარში ამბობენ, რომ სოფლის ტყეში არ არის გამორიცხული სხვა სამარხებიც იყოს. მათი ინფორმაციით, მსგავსი საფლავები სხვა ადგილებშიც უნახავთ და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ესენიც სამეფო სამარხები იყოს.
სოფლის მკვიდრი, თამარ ამონაშვილი “მეტრონომთან” საუბარში ამბობს, რომ სოფელ კალაურში, არის მეცხრე საუკუნის, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ილარიონ ქართველის მიერაა აგებული და სწორედ ამ ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ კი, მარჯვენა ეკვდერში, როცა მიმდინარეობდა გასუფთავება, რათა ბეტონი დაესხათ, აღმოჩნდა აქამდე უცნობი საფლავი, რომელზეც იყო წარწერა.
“ბუნებრივია, გაასუფთავეს საფლავი, ისე რომ წარწერის წაკითხვა ყოფილიყო შესაძლებელი და ეწერა – კახთა და რანთა მეფე კვირიკე III.დაახლოებით მეტრის სისქის მიწის ფენის ქვეშ იყო საფლავი. აღმოჩენა უკვე ნახეს სპეციალისტებმა, ჩამოსული იყვნენ: გიორგი გაგოშიძე, თამაზ დვალი, დავით ლომიტაშვილი, სწორედ მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს საფლავი ეკუთვნის კვირიკე დიდს. ეს თუ საბოლოოდ დადასტურდა, მართლაც დიდი აღმოჩენაა, რადგან აქამდე ეს საფლავი, საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მეფის, მიიჩნეოდა დაკარგულად”,-ამბობს ამონაშვილი.
ცნობისთვის:
კვირიკე III, კვირიკე დიდი – კახეთ-ჰერეთის მეფე 1010-1037 წწ. მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. მან გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად – 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის). სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. დაახლოებით 1027-1032 წწ. კვირიკე III-ის ინიციატივით მოეწყო კოალიციური ლაშქრობა განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ.
მონაწილეობდნენ ქართლის ფეოდალები ლიპარიტ ბაღვაში და ივანე აბაზასძე, თბილისის ამირა ჯაფარი და სომეხთა მეფე დავითი. მდინარე ეკლეცზე საქართველოს ლაშქარმა ფადლონი დაამარცხა. დაახლოებით ამავე წლებში კვირიკე III-მ სძლია ოსთა მეფე ურდურეს, ბრძოლაში ურდურე მოკლეს. 1037 წელს კვირიკე III მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ თბილისის ამირის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. თბილისის ხანგრძლივი ალყის დროს კვირიკე III მოუკლავს ოს მონას “სისხლისათვის ოვსთა მეფისა ურდურესი” (ვახუშტი ბატონიშვილი).