“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას დაკავების საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა.
როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულმა განუცხადა, დღეს დაკითხული მოწმეები წარმოადგენენ მხარეს და ისინი იმეორებენ დაზეპირებულ ტექსტებს მის წინააღმდეგ. გიორგანაშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მოსამართლემ უნდა გაარკვიოს სიმართლე, რადგან დაცვის მხარეს სხვა ბერკეტი არ აქვს:
”მოწმეები, რომლებიც წარმოადგენენ მხარეს, მოდიან და აკეთებენ განცხადებებს, დაზუთხულ ტექსტებს იმეორებენ უთავმოყვარეოდ. ამის მერე მეგობრები მეუბნებიან, რომ თუ ისე მოხდა, რომ თავი გაიმართლე, ამათ გაეშვიო. ამათ როგორ უნდა გავეშვა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო.
მოსამართლემ უნდა შეაფასოს სიტუაცია, რა არის აქ ტყუილი და მართალი. ჩვენ ვერაფერს დავამტკიცებთ. ის არ მუშაობს, რომ მე მოვყვე ჩემი ისტორია და ამით რაღაცა დავამტკიცო. უბრალოდ, ის არგუმენტები, რაც პროკურატურამ წარადგინა, უნდა გავუბათილო. მოსამართლემ უნდა შეაფასოს ობიექტურად, რისი იმედიც მაქვს”, – აღნიშნა გიორგანაშვილმა.
მისმა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ განმარტა, რომ დღევანდელ პროცესზე სამი გამომძიებელი დაიკითხა. ერთ-ერთია უშუალოდ დამკავებელი, რომელმაც დაადასტურა, რომ გიორგი გიორგანაშვილისა და ტაქსის მძღოლის ჩხრეკა მიმდინარეობდა:
” მათ თქვეს, რომ ისინი ერთმანეთსა და მიმდინარე ჩხრეკას ხედავდნენ. ეს ჩვენც ვიცოდით, რადგან ტაქსის მძღოლმაც დაადასტურა.
დანარჩენი ორი გამომძიებელი იყო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემქმნელი პირი და უშუალო შეხება არ ჰქონიათ. წერილობითი ნივთმტკიცებაც გამოვიკვლიეთ. ახლა დარჩა დასკვნითი სიტყვების ეტაპი და შემდეგ – საბოლოო სიტყვის ეტაპი”- განაცხადა ადვოკატმა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 2017 წლის 6 ოქტომბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს (“ბახალას”) აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა შეუცვალა და გირაოს სახით 20 000 ლარი შეუფარდა. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ.
ავტორი: ნინო ცხადაია