ე.წ. ,,ციანიდის საქმეზე” დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვისთვის ემზადება. როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცახდებს, ბრალდებულს 20 გვერდიანი საბოლოო სიტყვის წერა დასრულებული აქვს. მამა გიორგი მამალაძე ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქმის ბოლო სხდომა გაიმართება დასკვნითი სიტყვით წარსდგება. ბრალდებული მისმა უფლებადამცველებმა ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე მოინახულეს.
დეკანოზის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზი “ციანიდის საქმის” დეტალებზე, საპატრიარქოს არსებულ შიდა დაპირისპირებაზე, შორენა თეთრუაშვილის ფაქტორსა და “ბევრ საინტერესო” დეტალზე ისაუბრებს. ადვოკატის თქმით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში დეკანოზი სრულად გამართებული უნდა იყოს. ადვოკატი ამბობს, რომ სასულიერო პირი ხვალინდელ სიტყვაში კონკრეტულ სახელებზე ისაუბრებს.
“დეკანოზი ხვალ სასამართლოზე, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, ზუსტად და დეტალურად ისაუბრებს, სახელმწიფო ბრალდებას რა ინტერესი ჰქონდა მის მიმართ. დეკანოზი იტყვის, რა ინფორმაციას ითხოვდნენ მისგან და რაც გარკვეულ სასულიერო პირებს ეხება, რაზეც მისი (დეკანოზის) მხრიდან უარი იყო ნათქვამი. მოგეხსენებათ ეკლესია და საპატრიარქო საჯარო სამსახური არ არის და იქ მოძღვრები ერთმანეთის საიდუმლოებებს ფლობენ. მათ (ბრალდების მხარეს) რა უნდა ეს მეორე საკითხია, მაშინ გამოდის რომ ჩვენი ეკლესია დამოუკიდებელი არ ყოფილა”- განმარტა მიხეილ რამიშვილმა.
უფლებადამცველის თქმით, მამა გიორგი მამალაძის ექვსივე ადვოკატი ხვალინდელ პროცესზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.
დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით აიყვანეს. პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს.