დილიდან აბასთუმანში, სადაც ტყეში ხანძარია, 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი მუშაობს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი თეა პერტაია აცხადებს. მისი ინფორმაციით, ადგილზე შსს-ს 1000-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული, რომელიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებშია ჩართული.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ვარაუდობს, რომ ბევრად უფრო ადრე მოხდება აბასთუმნის ტყის ხანძრის ლიკვიდირება, ვიდრე წაღვერში მოხდა:
“სიტუაციას ვაკონტროლებთ. რაიმე განსაკუთრებული აქ არ არის. კიდევ ერთხელ შემიძლია შევადარო ეს ხანძარი წაღვერისა და დაბის ხანძარს. აბასთუმნის ხანძრის მასშტაბები არც შეიძლება რომ ახლოს დავაყენოთ იმ ხანძართან, ბევრად უფრო ნაკლებია. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო მალე მოხდება ამ ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება, ვიდრე წაღვერში”, – განაცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან.
ხანძარი აბასთუმანში ორი დღის წინ გაჩნდა. მის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები მაშინვე ჩაერთვნენ. საქართველოს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკრაინა და თურქეთი ეხმარება.