ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ოქიტაშვილი პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის

კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის,-ამის შესახებ განცხადებას თავად ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მოგესალმებით ჩემო დებო და ძმებო!

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრებო!
მაქვს პატივი, მოგმართოთ ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირული ორგანიზაციის სახელით. საქართველო მესამე ათეული წელია რაც აღარ არის საბჭოთა კავშირის ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, საქართველო აშენებს დემოკრატიას და იბრძვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, იბრძვის ქვეყანაში ევროპული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. ამ ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში თავისუფალი პროფესიული კავშირების არსებობას და მათ საქმიანობას.

ევროპული ქვეყნების გამოცდილება ამ კუთხით, მაგალითია ჩვენთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში პროფესიული კავშირები ისევ საბჭოთა კავშირის მეთოდებით საქმიანობს და ძალიან შორს ვართ ევროპის პროფესიული კავშირებისგან. ამის მიზეზია ის კლანური მმართველობა, რომლისგანაც ვერ გათავისუფლდა ეს ორგანიზაცია. თითქოს თავიდან პროფესიული კავშირის ყველა წევრი იმედს ამყარებდა, რომ მდგომარეობა შეიცვლებოდა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ჩადგებოდა მშორმელთა ინტერესების დასაცავად. მაგრამ მოხდა პირიქით. 2005 წლიდან ვხელმძღვანელობ ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირულ ორგანიზაციას და ვცდილობ, ჩვენს ხელთ არსებული ძალიან მცირე რესურსით, ვიდგეთ ხელოვანი ადამიანების გვერდით. იგივეს გვინდა ვგრძნობდეთ პროფესიული კავშირების გაერთიანებისგან და არ უნდა ვხედავდეთ მის არსებობას მხოლოდ ქუჩაში გამოსული უკიდურესად გამწარებული ხალხის გვერდით. განსაკუთრებით იმ დღეებში, როდესაც მთელი საქართველოს და მისი მეგობარი ქვეყნების ყურადღება გადატანილია სტიქიასთან ბრძოლაში, პროფესიული კავშირების გაერთიანება ამწვავებს მდგომარეობას ქუჩაში გამოსულ, ისედაც გაღიზიანებულ მშრომელებთან და იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დროს მედიატორი, დაიწყოს მოლაპარაკებები და მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, ორივე მხარის სასარგებლოდ გამოძებნოს კომპრომისი, ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპიროს.

სწორედ ამ პოზიციის მიმართ ჩემი განსახვავებული მიდგომები, პროფკავშირული საქმიანობის ჩემი განსხვავებული ხედვა გახდა ის მიზეზი, რომ მე მივიღე შემოთავაზება პროფკავშირული ორგანიზაციების ღვაწლმოსილი და დამსახურებული პიროვნებებისგან, აგრეთვე იმ ადამიანთა ჯგუფისგან, რომლებთან ერთად უკვე 10 წელზე მეტია ვმუშაობ ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირების რიგებში, კენჭი ვიყარო სექტემბერში საქართველოს თავისუფლი პროფესიული კავშირების მოახლოებული ყრილობაზე თავმჯდომარის არჩევნებში. ეს ჩემთვის ძალზედ რთულად მისაღები გადაწყვეტილება გახლდათ. მაგარამ ყოველივე ზემოთხსენებულს დაემატა ისიც, რომ 25 აგვისტოს ბატონმა ირაკლი პეტრიაშვილმა გამოაქვეყნა მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი, სადაც ის ულტიმატუმის უყენებს, რომ ტოვებს სოციალური პარტინიორობის სამმხრივ კომისიას, სანამ არ დაინახავს გულწრფელი დიალოგის სურვილს ხელისუფლების მხრიდან. ბატონო ჩემო, სად იყავით აქამდე, თქვე რატომ მიიყვანეთ ხალხი ამ ზომამდე. და ეხლა, ერთადეთ ტრიბუნას უსპობთ საქართველოს მშრომელებს ევროპაში?

მოკლედ მოგახსენებთ, რატომ მივიღე ჩემთვის ეს მეტად რთული გადავწყვეტილება და რა არის ჩემი გეგმები:
უკანასკნელი წლებია სხვადასხვა პროფესიული კავშირების ორგანიზაციები ჩამოშორდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას და დაიშალნენ. თუ გადავხედავთ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში რამდენი სხვადასხვა პროფესიის პროფკავშირული ორგანიზაციები იყვენენ 20 წლის წინ და რამდენია ეხლა, სურათი ნათელი იქნება – შემცირდა 50%-ზე მეტით. დღეს, იგივე საფრთხის წინაშე დგას ისედაც განახევრებული წევრების მქონე ორგანიზაცია. მშრომელები მას აღარ ენდობიან და თუ იგივე გაგრძელდა, სხვადასხვა პროფესიების მშრომელები მასობრივად აპირებენ ორგანიზაციის დატოვებას. ამით საფრთხის წინაშე დგება ზოგადად პროფესიული კავშირების არსებობა ჩვენს ქვეყანაში.

ჩემს მომავალ საქმიანობას ასე ვხედავ – პროფკავშირი დავუბრუნო ხალხს.
მე შევეცდები გავაღო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დაკეტილი კარები.
ყველა ის ქონება, რომელიც არის სახელმწიფო მიერ წლების წინ გადაცემული საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისთვის, გავხადო საზოგადოებისა და უპირველეს ყოვლისა, პროფკავშირული ორგანიზაციების თითოეული წევრისათვის საჯარო.

ასევე უნდა გახდეს საჯარო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქონება და მისგან მიღებული სარგებელი, ხმარდება თუ არა მის წევრებს. ჩემი მიზანია ეს გავაკეთო და არსებული ქონება მაქსიმალურად მოვახმარო პროფკავშირული ორგანიზაციების წევრებს, ძალიან მინიმალურ ფასად, ხოლო სოციალურად დაუცველ და შეზრუდული შესაძლებლობების პირებს უფასოდ.
სხვადასხვა დარგის პროფესიული კავშირები სრულად გავათავისუფლო საოფისე და კომუნალური გადასახადებისგან.

მე შევეცდები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას დავუბრუნო ღირსება და ავტორიტეტი, რათა არ ხდებოდეს ადამიანთა მასიური გასვლა პროფკავშირების რიგებიდან. სწორედ ამ მიზნით, ჩემს კოლეგებთან ერთად შევისწავლი სხვადასხვა პროფესიის და დარგის მუშაკების შრომით და სოციალურ პირობებს, მათი გაუმჯობესების მიზნით სისტემატიურ და თანმიმდევრულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ დამქირავებლებთან, საწარმოს ხელმძღვანელებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან. პროფკავშირული ორგანიზაციების დახმარებას და გვერდში დგომას მშრომელები უნდა გრძნობდენ ყოველდღიურად. ამავდროულად, დამქირავებლები უნდა ღრმად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ მათთან ჩემი თითოეული შეხვედრა მიმართული იქნება მშრომელთა დახმარებისათვის და მათთან თანმიმდევრული კონსულტაციებით და არგუმენტირებული მსჯელობით მივაღწევ მშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
სწორედ საქმისადმი ასეთი მიდგომა მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე და არ გვექნება ისეთი ფაქტები, როცა ისედაც გაჭირვებული მშრომელები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას, იწყებენ შიმშილობას, სხედან ქუჩაში და ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას.

მე ზედმეტი ლაპარაკი არ მჩვევია. მაქსიმალურად მოკლედ ვთქვი ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად დაედება ჩემს საქმიანობას. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა. ჩვენი მიზანია თავისუფალი, დემოკრატიული და ამავდროულად სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა, რომლებიც თავისუფალი მშრომელების ინტერესების დაცვას ემსახურება. თავისუფალი პროფესიული კავშირების არსებობა, ევროპული გამოცდილების გადმოტანით, სწორედ რომ ამ მიზნისკენ მიმავალი ერთერთი გზაა.”-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....