საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. როგორც საუბრის მთავარი თემები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, რეგიონული სატრანსპორტო პროექტები და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობები იყო.
პრემიერ-მინისტრმა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე ისაუბრა.
“ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რეგიონული სატრანსპორტო პროექტების აქტივიზაციით და ვფიქრობ, ეს ორმხრივი ინტერესის საგანია. ამიტომაც, ჩვენ ვიმყოფებით აქ, რათა განვიხილოთ ეს პროექტები. მოხარული ვართ, რომ წელს აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ვაფასებთ თურქმენეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ თურქმენეთის პოზიციას საერთაშორისო პლატფორმებზე.
გილოცავთ “აზიადა 2017”-ის წარმატებულ ორგანიზებას და ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება საერთაშორისო მნიშვნელობისაა. ასეთი ღონისძიებები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ სპორტის განვითარებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. მადლობას გიხდით გახსნის ცერემონიაზე მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, საქართველო ამ ღონისძიებაზე მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, ამ მხრივ არსებობს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენი მიზანია, არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება, რათა განვავითაროთ სატრანზიტო პროექტები. “აბრეშუმის გზის” წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია თურქმენეთის აქტიური მონაწილეობა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ. ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაცილებით მაღალ ხარისხს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება თურქმენეთის პრეზიდენტმა. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში, ბევრი რამ გაკეთდა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რაც აისახა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებზე.
“ჩვენ მადლობელი ვართ, რომ მხარს უჭერთ თურქმენეთის, როგორც ნეიტრალური ქვეყნის საერთაშორისო ინიციატივებს, ღია კარის პოლიტიკას, ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებს, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება სატრანზიტო დერეფნის განვითარება და ა.შ. არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო დერეფნის განვითარების პოტენციალი, რაც ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვაფასებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია და მადლობას გიხდით, რომ დღეს გაიმართება მისი მომდევნო სხდომა, რომელზეც განხილული იქნება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები”, – განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.
გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი კვირიკაშვილი მეხუთე აზიური თამაშების “აზიადა 2017”-ის გახსნაზე აშხაბადში კიდევ ერთხელ მიიწვია და აღნიშნა, რომ ცერემონიაზე ასევე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი.