ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნანგრევებზე და მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს.
ოკუპირებულ ცხინვალში რესტორან „პოდმოსკოვიეს“ მშენებლობისას განადგურდა ჩვ.წ.აღ-მდე III – II ს.ს ძეგლი, – ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელძღვანელმა ნელი ტაბუევამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რესტორანი 2009 წელს წელს აშენდა, თუმცა მათთვის ინფორმაცია მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი ნივთები, ნანგრევებისა და სამარხების შესახებ ცოტახნის წინ გახდა ცნობილი.
„აბსოლუტურად მოულოდნელად, ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რესტორნის მშენებლობის დროს, ადგილზე უზარმაზარი ორმო ამოითხარა, სადაც ნაპოვნი იყო ადამიანის ძვლები და ნივთები, რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე III – II ს.ს-ით თარიღდება. კულტურული ფენები გაუთვითცნობიერებლად განადგურდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ახლა დაზვერვითი სამუშაოები ტარდება. ყველაფერს, რასაც აღმოვაჩენთ, კონსერვაცია ჩაუტარდება და ჩვენი განყოფილების დაცვის ქვეშ იქნება“ – განაცხადა ტაბუევამ.
დე ფაქტო კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, ოკუპირებულ რეგიონში მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია.
„ყოველ ჯერზე, ქალაქის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს თხოვნით მივმართავთ, რომ მშენებლობის დროს ძეგლთა დაცვის განყოფილებისგანაც აიღონ ნებართვა. ვუგზავნით ძეგლების რეესტრსაც. თუმცა, როგორც წესი, ასეთი დოკუმენტები მხოლოდ თაროზე რჩება. მშენებლები, კი, მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ ყველა შესაბამისს ინსტანციას გადიან, ჩვენს უწყებას არასოდეს აკითხავენ“, – განაცხადა ტაბუევამ.
უძველესი ძეგლზე აშენებული რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაზვერვო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოინიშნება გარკვეული მონაკვეთი, არქეოლოგიური კვლევისთვის და ნებისმიერი სახის მშენებლობა, მსგავს ტერიტორიებზე აიკრძალება.