ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საფრთხე, რომელსაც ხანძარი ქმნის: “ცხოველი იძულებულია საკვებზე ჩამოვიდეს სოფელთან”

ბორჯომის ხეობაში ათეულობით ჰექტარი ტყის დაწვის შემდეგ ჩნდება კითხვა, შეუქმნიან თუ არა გარეული ხოველები საფრთხეს მოსახლეობას? ზამთარი მოდის და ხომ არ არსებობს საშიშროება, რომ მტაცებელი ბარში ჩამოვა და საკვების მოპოვებას მოსახლეობაში შეეცდება? კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელს, რეზო გეთიაშვილს გაზეთი „ვერსია“ დაუკავშირდა:

– ცნობილია, რომ ამ ტყეში არაერთი ენდემური ცხოველი და ფრინველია, რომლებიც ,,წითელ წიგნშია” შეტანილი. თუ შეისწავლეს მათი მდგომარეობა და რაოდენობა 2008 წლის შემდეგ?

– ტყის განადგურების შემდეგ, ის ადგილი სრულიად შეუსაბამოა ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე სახეობა დამატებითი რისკების ქვეშ აღმოჩნდება, რადგან გაცილებით დიდი საბინადრო არეალი აქვს, ვიდრე ის ერთი, კონკრეტული ლოკაცია. პრობლემა ეკოსისტემის განადგურება და მისი აღდგენაა. ბუნებრივია, თუ ცოცხალი არსება გადარჩა და გამოასწრო, შემდგომში სხვაგან იპოვის ადგილს.

– შესაძლოა, ასეთ დროს, ცხოველების მიგრაცია დაიწყოს? ამ ფონზე, მიმდებარედ დასახლებული სოფლების მაცხოვრებლები საფრთხის წინაშე ხომ არ დადგებიან?

– მიგრაცია დიდი ხანია მიმდინარეობს და ეს საფრთხე ხანძარს ნაკლებად უკავშირდება – ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, რომ სოფლებს შეესია მგელი. ცხოველს საბინადრო გარემო მოვუსპეთ და იძულებულია, საკვებზე ჩამოვიდეს სოფელთან ახლოს; პრობლემაა ისიც, რომ მოსახლეობა კანონით დასაშვებზე მეტ ხეს ჭრის. საზოგადოებას არ ვადანაშაულებ, მათთვის ეს უმეტესად, საარსებო ან გადარჩენის წყაროა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზამთარში გაყინული სახლების დაკეტვა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევთ. მოსახლეობის ასეთი მასშტაბური მიგრაცია რომ არ მოხდეს, სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი პროგრამა. ხანძარი, რომელიც დღეს ბორჯომში მძვინვარებს, დიდი ხანია ჩვენს ღუმელებში ანთია. დიახ, საქართველოს ტყეები, მასობრივად, ჩვენს ღუმელებში იწვის. წელს უკვე გაჩნდა „ენერგეტიკული შიმშილის“ სერიოზული საფრთხე. სახელმწიფომაც იცის, რომ ტყეებში ბოლო ხეებია დარჩენილი.

“ვერსია”

იტვირთბა....