“შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის, რომ თუ საქმეს დასჭირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას ჰქონოდა რეზერვში რუსთისგან დახმარების მიღების საშუალებაც, ამაში ცუდი არაფერია. საუბარია, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართული მხარის მიერ, რუსეთისთვის დახმარების თხოვნის შესახებ.
უსუფაშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს ხელისუფლებას მართებს ძალიან მკაფიოდ და გასაგებად აუხსნას მოსახლეობას, რა მდგომარეობაა, ამა თუ იმ მიმართულებით რა არგუმენტებია:
„ღმერთმა დაგვიფარა და მსხვერპლი არ არის. აბა, წარმოვიდგინოთ, თუ ამ ხანძარს ექნებოდა მეტი გართულების პოტენცილი, მაშინ ალბათ, კითხვა იქნებოდა იმის თაობაზე, თუ რატომ არ გამოვიყენეთ ყველა შესაძლო საშუალება, რათა მსხვერპლი თავიდან აგვეცილებინა. მსოფლიოში არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონები. გაქანებული ომის მდგომარეობის დროსაც კი არსებობს ვითარებები, როდესაც ზოგადი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან ორივე მხარე ან ცეცხლს წყვეტს, ან მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის ერთობლივად ზრუნავს, ამიტომ თავისთავად ის, რომ პოტენციაში, ზოგადად, თუ საქმეს დასჭირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას ჰქონოდა რეზერვში ამ ტიპის დახმარების მიღების საშუალებაც, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ გვინდა, რომ მან ძალიან მკაფიოდ გვითხრას, რომ დიახ, გვაქვს ეს საშუალება დარეზერვებული, დიახ, არის კონტაქტი, თუ უკიდურესი აუცილებლობა გაჩნდება შეიძლება ამასაც მივმართოთ, მაგრამ ამას გავაკეთებთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ პირველ რიგში, მივმართავთ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ იმისთვის, რომ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში თავიდან ავიცილოთ დიდი უბედურება, ამისთვის დიახ, ვართ კონტაქტზე. ამის ნაცვლად დაიწყო ტრადიციული მიჩქმალვა, მიმალვა, ერთმანეთს ამოფარება. ერთი მინისტრი მეორისკენ იშვერს ხელს, რომ იმან განმარტოს, მე ვაჟკაცი და პატრიოტი ვარ, რუსეთს როგორ დაველაპარაკებოდი – ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა, ეს არის სახელმწიფოებანას თამაში, ასე არ შეიძლება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, უნდა გქონდეს სათანადო ხედვაც, ვაჟკაცობაც და მოსახლეობას პირდაპირ განუმარტო, თუ რაშია საქმე – რა არის ოკუპაცია, ვინ არის ოკუპანტი და რა შემთხვევაში რა პოზიციებია.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობისთვის რუსეთისთვის დახმარების მიმართვას გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბორჯომის ხეობაში შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარების გამო, ქართულმა მხარემ სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველო მთავრობამ ამტკიცებდა, რომ დახმარება არა მოსკოვს, არამედ გაეროს სთხოვა და შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას გაერომ მიმართა.
საქართველოს ხელისუფლებას სადეპუტატო შეკითხვას წერილობით პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი, გაუგზავნის. არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ მიხეილ ჯანელიძისა და ზურაბ აბაშიძის გადაგომა მოითხოვოს.