ახალი ამბები მთავარი სამართალი

“კიდევ ერთი ამბავი ბავშვის, რომელიც ფანჯრიდან გადმოვარდა”: ანა დოლიძე ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ეხმაურება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება, საიდანაც 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

“კიდევ ერთი ამბავი ბავშვის, რომელიც ფანჯრიდან გადმოვარდა. იცით, როგორ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ასეთი რამ არ ხდებოდეს? კანონები ჭირდება ამას, მეგობრებო, კანონები. ამერიკაში დაწესებულებას, სადაც შეიძლება ბავშვი მოხვდეს, მოეთხოვება შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება. დამცავების დაყენება. ბინის დამქირავებელსაც აქვს შესაბამისი ვალდებულება. არ არის ძნელი და საკანონმდებლო აქტიურობა უნდა ამას. იგივე ეხება ველოსიპედის მართვას და მდინარეებში ბანაობას. რეგულირებაა საჭირო, რომ ხალხი არ კვდებოდეს პანტაპუნტით”- ამის შესახებ ანა დოლიძემ Facebook-ზე დაწერა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, წმინდა ლუკას სახეობის ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს პალატაში მცირეწლოვანის დედა იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ბავშვს საჭმელს უმზადებდა.

სამი წლის ბავშვი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა, – მრავლობით მოტეხილობები და თავის ქალის ტრავმა აღენიშნება.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

იტვირთბა....