ახალი ამბები მთავარი სამართალი

შს მინისტრი: ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება, საგანგაშო არაფერია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის ხეობაში ღია ცეცხლის კერები არ არის:

“მინდა, სიცხადე შევიტანო ამ საკითხებში. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური ინფორმაცია. ჩვენ ზონაში ვრჩებით, რათა ნიადაგი დავამუშაოთ, ნიადაგი არის ტორფინი, არის ნახანძრალი. ცოცხალი ძალა ზონაში რჩება, თუკი სადმე დაკვამლიანებას შევნიშნავთ დავამუშაოთ. ღია ცეცხლი კერა არ გვაქვს. საფრთხე იმისა, რომ სადმე ღია კერა გაჩნდეს, არ არსებობს, რადგან მთელ ტყეში ყველაზე სარისკო ადგილებში იმყოფება ჩვენი ცოცხალი ძალაში, ასე რომ პანიკის საფუძველი არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ სწორედ იმიტომ ვრჩებით, რომ დავამუშაოთ. ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება, საგანგაშო არაფერი არ არის”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მისი თქმით, მიუდგომელი ადგილები პრაქტიკულად არ არსებობს, ყველა ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს. მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ მისივე ტერიტორიაზე ვერტმფრენების სამუშაოა აღარ არის, მხოლოდ ცოცხალი ძალის გასაკეთებელი საქმე დარჩა, რასაც მისი თქმით, ეფექტურად უმკლავდებიან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, დღეს მეგობარი ქვეყნებიდან შემოსულმა ცოცხალმა ძალამ და ავიაციამ ბორჯომის ხეობა დატოვა.

გუშინ ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა და წყალში ჩავარდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. ვერტმფრენი წყლიდან დღეს ამოიყვანეს. ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ მცირე დაზიანებები მიიღეს.

იტვირთბა....