აპირებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ქუთაისის მერის პოსტზე კენჭისყრას თემურ შაშიაშვილი?- ამ კითხვას იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ქუთაისის ყოფილი მერი თემურ შაშიაშვილი “ნიუპრესთან” საუბარში პასუხობს.
მისი თქმით, მას შემოთავაზება ქონდა სხვადასხვა პარტიებისდან, მათ შორის თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით, თუმცა უარი განაცხადა. “თუ დავრწმუნდები, რომ ფულის ხელისუფლებას მოვერევი და ამას დავინახავ ხალხშიც, მე წავალ ამ რისკზე – ვიყრი კენჭს ქუთაისის მერად”, – აცხადებს შაშიაშვილი.
“მე ჩვეულებრივი მერი ვერ ვიქნები… იცით, პირდაპირი მომართვები დაიწერა გაზეთებში, კენჭი მეყარა თბილისის მერად… არაერთი შემოთავაზება მქონდა პარტიებისგანაც.. უარი ვთქვი.. თუნდაც იმის გამო, საქართველოს ისტორიაში დადგა დრო და მომენტი, როცა ქვეყნისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ქუთაისის მერი(არა მარტო, მაგრამ მაინც უპირველესად), ვიდრე თბილისის…ეს არ ნიშნავს თბილისის შეურაცხყოფას, ან უგულებელყოფას… არაერთგზის მითქვამს: ძლიერი ქუთაისის გარეშე, თბილისი ვერ იქნება ძლიერი .. ძლიერი თბილისისა და ქუთაისის გარეშე, საქართველო ვერ იქნება ძლიერი…
რა მდგომარეობაა ქვეყანაში ეს არამარტო იმით ჩანს, როგორ ვხოვრობს ხალხი, არამედ და, შეიძლება იმით, ვის უნდა მერობა და ვინ იკლავს თავს თბილისით დაწყებული, ნებისმიერი ქალაქითა და რაიონით დამთავრებული. მე ამ ადამიანების აზროვნება მაშინებს…
დღემდე დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის პოტენციალის 10 პროცენტზე მეტის მოქმედებაში მოყვანა… მეტიც, იმ ფულით, რომელიც დღეს არის ქვეყნის, ქალაქებისა და რაიონების ბიუჯეტში, მინიმუმ 5-ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლებოდა და შეიძლება.
ქვეყანას ჭამს მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის უცოდინარობა, უუნარობა, უსაქმურობა, შენიღბული კორუფცია… ასეთი ხელისუფლება სიცოცხლის ფასად არ დათმობს ძალაუფლებას. თუ დავრწმუნდები, რომ ამას მოვერევი, ფულის ხელისუფლებას მოვერევი და ამას დავინახავ ხალხშიც, მე წავალ ამ რისკზე-ვიყრი კენჭს ქუთაისის მერად. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! თუ ვერ დავინახავ ხალხში ბრძოლის განწყობას და ისევ ხმის გაყიდვით უარესი ცხოვრების ყიდვის დამანგრეველი განწყობა იქნება, საპარლამენტო არჩევნეში ამერიკული და რუსული პოლიტიკური ძალების დამარცხებისათვის ბრძოლაზე გადავალ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართული ძალის გამარჯვებამ დაარწმუნოს ამერიკაც, დასავლეთიც, რუსეთიც, საქართველოს მოსახლეობაც და მეგობრებიც, რომ მათ მიერ ნაყდი და მხარდაჭერილი პოლიტიკოსები ანგრევენ ქვეყანასაც, ამერიკის, ევროპის, რუსეთის ავტორიტეტსაც. მოკლედ, დიდი ბრძოლისთვის ვარ განწყობილი.. იქნება ერთობა, იქნება დიდი გამარჯვებაც!”-აცხადებს შაშიაშვილი.
პოლიტიკური ორგანიზაციის “თეთრები” დამფუძნებელის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.
ავტორი: ნიუპრესი