ბათუმის საქალაქო სასამართლოში “თანასწორობის მოძრაობის” წევრების სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარემ სასამართლოს პროცესის გადადება და მოწმეების დაკითხვა მოითხოვა, ბრალდების მხარემ კი – მოწმეთა დაკითხვა. სასამართლომ მხარეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმესთან დაკავშირებით, პროცესი ხვალ 12:00 საათზე დანიშნა.
“თანასწორობის მოძრაობის” წევრები სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. თავად დაზარალებულები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს სამართალდამცავებმა დროული რეაგირება არ მოახდინეს. მათივე თქმით, დაკავებისას და იზოლატორში ყოფნის დროს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი,
გუშინ, სამართალდამცველებმა “თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და მოძრაობის კიდევ ერთი წევრი დააკავეს.
როგორც დაკავებულები ამბობენ, რომ მათ უცნობი პირები ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი განმარტებით, ისინი პოლიციელების მხრიდანაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ:
„პოლიციელებმა გვაგინეს, დაგვცინეს, თქვე პიდარასტებო, რას გავხართ, თქვენნაირები როგორ უნდა დაცავას პოლიციამო, გვითხრეს. არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, პოლიციამ წამაქცია და დამატებით შეგვდგნენ წიხლით“ – ამბობს ბერიანიძე „ლიბერალთან“ საუბარში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “თანასწორობის მოძრაობის” წევრების უფლებებს იცავს.
როგორც საიას იურისტმა ანა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ, რის გამოც ორგანიზაცია პროკურატურაში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს.
“როგორც ჩემთვის არის ცნობილი დაკავებულების ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადმოყვანა მოხდება, რათა სასამართლომ ადმინისტრაციული ოქმის კანონიერების საკითხი შეისწავლოს. დაკავებულებს ძალადობის ნიშნები აღენიშნებათ. სავარაუდოდ ამაზე პროკურატურას გამოძიებასთან დაკავშირებით მივმართავთ. სავარაუდოდ დაპირისპირება ვიღაც უცნობებსა და ამ დაკავებულებს შორის იყო. მხოლოდ ამ პირების დაკავება მოხდა და სხვების არა. ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, აღნიშნული მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიცელის კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულიახმობს. როგორც დაკავებულები განმარტავენ, ფიზიკურ დაზიანებებს აქვს ადგილი. როგორც ისინი ამბობენ, სამ ტრანსგენდერ ადამიანთან ერთად იმყოფებოდნენ, სწორედ ამ ფონზე განხორციელდა შეხლა-შემოხლა. დაპირისპირების მოტივად ამას ასახელებენ”-, აცხადებს ანა მდინარაძე.
სამართალდამცველებმა “თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
მათი განმარტებით, საქმე ბათუმის ბულვარში, გამთენიისას მომხდარ ჩხუბს ეხება, რომელშიც დაკავებული პირები მონაწილეობდნენ. უწყების ცნობით, ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ აღნიშნული პირები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც მათი დაკავება მოხდა.