საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ მიუხედავად პერიოდულად სიტუაციების გაუარესებებისა, ბორჯომის ხეობაში, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა.
მისი თქმით, გუშინ შედარებით რთული ვითარება არდაგანში იყო, მაგრამ ავიაციისა და ცოცხალი ძალის მეშვეობით, ამ ზონის განეიტრალებაც შესაძლებელი გახდა.
„ამ ეტაპისთვის, აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზებით შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. ამიტომ ამ ეტაპზე, უკვე დადგა საჭიროება, უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის, ამიტომ გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი.
1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთ სარდლობის და მათთან ერთად და აქამდე ვინც მუშაობდა ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა.
თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რომელიც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება, უკვე გაერთიანებული ძალებით, ჩვენ, ალბათ, უკვე მივალთ იქამდე, რომ გადავალთ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ჩვეულებრივად ერთობლივი შტაბი გააგრძელებს მუშაობას.
მოსახლეობას საფრთხეს ვაშორებთ, წუხელ საღამოს იყო ერთ-ერთ ზონაში საკმაოდ გართულებული მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ შევძელით საფრთხის აცილება, პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში, არავის საფრთხე არ ემუქრება.
დღის ბოლოსთვის, ვფიქრობთ, რომ ამ დაგეგმარებით გავაგრძელებთ მუშაობას და ორი დღის შედეგებით ვფიქრობ, რომ გარდავტეხავთ საბოლოოდ ამ სიტუაციას და გადავალთ ცეცხლის საბოლოდ ჩაქრობის ეტაპზე.
არდაგანში იყო გუშინ ცოტა გართულება, მაგრამ ავიაციისა და ცოცხალი ძალის მეშვეობით, ამ ზონის განეიტრალებაც შესაძლებელია.
ორად არის გაყოფილი ცოცხალი ძალა, ერთი ჯგუფი იმუშავებს წაღვერის მონაკვეთზე, დანარჩენ ზონებზე კი, სავარაუდოდ ,საჯარისო ნაწილსა და ცოცხალ ძალას განვათავსებთ და ავიაციასთან ერთად კომბინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას, დღის განმავლობაში კიდე მოგაწვდით დეტალებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ქართული, ორი აზერბაიჯანული, ორი თურქული, ერთი ბელარუსული ვერტმფრენი და ერთი თურქული თვითმფრინავია ჩართული.
გარდა ამისა, სტიქიის ზონაში მომუშავეებს დღეს დილით ქართველი სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ბორჯომის ხეობაში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდნენ.
სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.