რკინიგზის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ექვსი დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის არიან “აუდიტორია 115”-ის წევრები, ცოტნე ცხვედიანი და ირაკლი კუპრაძე, – ამის შესახებ ინფორმაციას “აუდიტორია 115″ ავრცელებს:
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და მთელი ძალისხმევა მიმართოს რკინიგზელთა პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც უკვე მე-10 დღეა შიმშილობენ.
მივმართავთ საზოგადოებას, დროა გამოვავლინონ ყველამ ერთად უპრეცენდენტო სოლიდარობა და ჩავერთოთ მშრომელებთან ერთად ბრძოლაში ჩვენივე უფლებებისთვის”, – აცხადებს აუდიტორია 115.
პროფრავშირების ინფორმაციით, ასევე დაკავებულია მათი წევრი გიორგი დიასამიძეც.
„ლიბერალის” ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის შენობასთან პოლიციამ აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავა.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციას რკინიგზის შენობიდან აქციაზე დაკავებული “აუდიტორია 115″-ის წევრები ირაკლი კუპრაძე, ცოტნე ცოტნე ცხვედიანი და პროფრაკშირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე გამოჰყავდათ.
შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანების შეჩერება სცადეს, რასაც პოლიციასა და მონაწილეებს შორის ისევ მოჰყვა შეხლა-შემოხლა.
„აუდიტორია115-ის” ცნობით, დაკავებულები არიან გოგა სურგულაძე, გიგი ზაქაიძე, ილია ლეჟავა.
დღეს, 7-ის ნახევარზე “აუდიტორია 115”-მა მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გამართა. 15 აქციის მონაწილე უკვე მეათე დღეა შიმშილობს. დღეს, შუადღეს ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ამ წუთებშიც რკინიგზის შენობასთან მომხდარ შეხლა-შემოხლის დროს 5 რკინიგზელი, რომელიც შიმშილობდა, შეუძლოდ გახდა და მათთან სასწრაფო სამედიცინო ბრიგადაა მობილიზებული.
რკინიგზის თანამშრომლები და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენასა და საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების გადადგომას მოითხოვენ.
საქართველოს რკინიგზაში კი ამბობენ, რომ პროტესტს პროფკავშირის პოლიტიკურად დაინტერესებული ხელმძღვანელობა მართავს, შესაბამისად ისინი აცხადებენ, რომ შიმშილობის საფუძველი არ არსებობს.