ცესკო თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ცესკო-მ ელისაშვილს მხარდამჭერთა 10 000 ხელმოწერის შესაგროვებლად ერთი კვირა მისცა.
როგორც ცესკო-ში განმარტავენ, ელისაშვილმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა:
“დღეს, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მცდარი ინფორმაცია კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით. კერძოდ, კანდიდატმა განაცხადა, რომ, თითქოს, ცესკომ მიიღო „სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება“ და მას დაუწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ 21 აგვისტოს ცესკომ დადგენილებით მიიღო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომლის ერთადერთი მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივოს კანონის შესაბამისად მოქმედება.
რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღე, ანუ 1 სექტემბერი. ცესკომ, ასევე ზუსტად კანონზე დაყრდობით განსაზღვრა საჭირო ხელმოწერების ოდენობა 1% (თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა – 958729, ხოლო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა – 9587).
შესაბამისად, მერობის კანდიდატის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საარჩევნო პროცესის დაზიანებისგან. ამავდროულად ჩვენი ვალია, არავის მივცეთ მცდარი განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციის შესაძლებლობა.” ნათქვამია განცხადებაში.