საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას ბორჯომის ხეობაში ნაპოვნ, სავარაუდოდ, ბენზინის სუნიანი ბოთლის ნამტვრევების შესახებ გამოძიებისთვის არ მიუმართავს. თუმცა შსს-ში ამბობენ, რომ ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება ისედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
“გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში აუცილებლად ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული, – აღნიშნავენ შსს-ში.
ცნობისთვის, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვეს, რომელსაც სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა. როგორც მან აღნიშნა, ნაპოვნ მასალას და შესაბამისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებს დღეს მიაწვდიან.
“სანამ სამართალდამცველები არ იტყვიან რამეს, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ბოთლის ნამსხვრევებს სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის ან დიზელის სუნი ჰქონდა,” – განაცხადა დავით ქაცარავამ.
გუშინ კი სცენარისტმა აკა სინჯიკაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ოცლიტრიანი ბიდონი იპოვა. მისი ინფორმაციით, ასევე ტყეში სხვა ადგილას, ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი იპოვა ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს და აღნიშნა, რომ ბიდონები ექსპერტიზაზე გადაიტანეს. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. აკა სინჯიკაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხეს.