შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მთავრობა ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამომწვევ ყველა მიზეზთან დაკავშირებით ყველა ვერსიაზე მუშაობს.
მინისტრი ამბობს, რომ ტყეში ნაპოვნ ბენზინით სავსე ბიდონთან დაკავშირებით, განმცხადებელი საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა.
„გიდასტურებთ, რომ განცხადებით მიმართეს ამის თაობაზე პოლიციას. მე ახლა მთელი ძალებით გადმორთული ვარ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე. ინფორმაცია მაქვს, რომ განმცხადებელი უკვე დაიკითხა, სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ“- განაცხადა მინისტრმა “ქრონიკასთან” საუბარში.
რაც შეეხება ამ დროის მონაცემებს, მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ქარი ართულებს და დაკვამლიანება საკმაოდ ძლიერია.
“10:00 საათზე ამოვარდა ძლიერი ქარი. ახლა გვაქვს ის მოცემულობა, რომ ასეთი ძლიერი ქარი არც გუშინ და არც გუშინწინ ყოფილა, რაც ძალიან ართულებს ხანძრის ქრობის პროცესს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მთელი ძალებით ჩართულები ვართ ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში.
გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს იბარებენ და კითხავენ, თუმცა ის, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”,- განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
ბორჯომის ხეობაში მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან. ამ წუთებში ქარის გამო რამდენიმე ცეცხლის კერა კლავ გაღვივდა. შინაგან საქმეთა მინისტრი ბორჯომში გაჩენილ ხანძარს შესაძლო დივერსიად აფასებს.