ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და შპს “ტრანსსერვისის” ადმინისტრაციას შორის შეხვედრა დასრულდა. კომპანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, შპს “ტრანსსერვისი” გამოძიების დასრულებამდე ნებაყოფლობით საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ტერიტორიის გაწმენდას და იმ ჯიხურების აღდგენას, რომლებიც განადგურდა 19 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შედეგად.
„კომპანია დაზარალებულებსაც მიმართავს: მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაერთოთ პროცესში. დროულად აღწეროთ ქონება და შეაფასებინოთ მიყენებული ზიანი, მიიღოთ მონაწილეობა ქონების გადარჩევაში, ჯიხურებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში, გადარჩენილი ქონების გატანასა და ჯიხურების აღდგენაში, რაც მოგცემთ საშუალებას, უმოკლეს ვადაში შეძლოთ საქმიანობის გაგრძელება”, – აცხადებენ კომპანიაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთეს დაზარალებულებმა. მათი თქმით, კომპანიამ შესთავაზა ჯიხურების აღდგენა და გარკვეული პერიოდით ქირის გადასახადისგან გათავისუფლება. თუმცა, მათი მოთხოვნები ეს არ ყოფილა. დაზარალებულებს არ დაუკონკრეტებიათ, დღევანდელ შეხვედრაზე თუ რა მოთხოვნები გააჩნდათ მათ.