რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე „საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს, დაჩი ცაგურიას უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
ცაგურია რკინიგზელების ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ მათი მხრიდან მის მიმართ გაკეთებული განცხადებები “არარეალური” და „არასერიოზულია“.
„ეს ბრალდებები არის ძალიან არასერიოზული. ყოველგვარ აზრს არის მოკლებული მათი ეს განცხადებები. პეტრიაშვილი თავის ამ პირად ბოღმას ამ ფორმით ანთხევს ჩემზე, რომ დასვა აქ თავისი თანამშრომლები, რომლებსაც თავად უხდის ხელფასს და ისინი არ არიან რკინიგზის თანამშრომლები და აშიმშილებს იმიტომ, რომ დამაზიანოს, ჩემი რეპუტაცია შელახოს. ირაკლი პეტრიაშვილი, დიახაც, არის სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკური ლიდერი,“ – აცხადებს დაჩი ცაგურია.
გაფიცული რკინიგზელები ხვალიდან ფართომასშტაბიან შიმშილობას გეგმავენ. რკინიგზელები პროტესტის ნიშნად უკვე მე-6 დღეა, შიმშილობენ. დღეს პროტესტის უკიდურეს ზომას კიდევ ერთი ადამიანი შეუერთდა.