ისნის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და ისნის ბაზრობის მფლობელ “ტრანსსერვისის” იურისტ ავთანდილ კახნიაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. იურისტის თქმით, საქონლის დაზღვევა მათ კომპეტენციაში არ შედის, სწორედ ეს განცხადება გახდა დაპირისპირების მიზეზი.
“ადმინისტრაცია შეძლებისდაგვარად მხარში დაუდგება დამქირავებლებს. თუ მათ ქონება დაზღვეული აქვთ, ბუნებრივია, სადაზღვევო კომპანიები აუნაზღაურებენ. ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეეცდება დაეხმაროს. მათ აქვთ დაქირავებული ფართები და თვითონ არიან პასუხისმგებელნი თავიანთ საქმიანობაზე. ჯიხურები მათი საკუთრებაა. დამქირავებლებს ევალებათ, რომ ჰქონდეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, გარდა ამისა საწარმოსაც აქვს დაცვის საშუალებები, ასევე დაცვის სამსახურიც ემსახურება”, – განაცხადა ისნის ბაზრობის იურისტმა.
ამ დროისთვის, ისნის ბაზრობის ტერიტორიის ყველა შესასვლელი საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლა და თავიანთი მაღაზიების დათვალიერების საშუალება არ აქვთ.
ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ადგილზე 20 სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. დამწვარია 15-მდე მაღაზია.