“ლეიბორისტული” პარტიის წევრებს და მის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს პოლიციამ სემეკ-ის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. “ლეიბორისტები” სემეკ-ის სხდომათა დარბაზში მჯდომარე აქციას მართავდნენ და მის წევრებს სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. ამიტომ სემეკის სხდომაზე ერთსაათიანი შესვენება იყო გამოცხადებული.
მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე კომპანია “თელასის” განაცხადი განიხილეს და წარმოებაში მიიღეს, რომელიც ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდას ითხოვს. შალვა ნათელაშვილმა აქციაზე ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტების მეშვეობით მიმართა და შეახსენა, რომ არჩევნებამდე საუბარი ტარიფების განახევრებაზე იყო. ნათელაშვილი საპროტესტო აქციებს ივანიშვილის რეზიდენციასთანაც აანონსებს.