NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი “ტვიტერში” ბარსელონას ცენტრში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს.
„ვგმობ ბარსელონაში მომხდარ სასტიკ თავდასხმას. ჩემი აზრები ყველა მათგანთან არის, ვინც დაშავდა. ჩვენ ერთად ვარ ტერორიზმტან ბრძოლაში“, – წერს სტოლტენბერგი “ტვიტერში”
შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 32 მძიმედაა დაჭრილი და 10 დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. კატალონიის პოლიციამ ბარსელონაში მომხდარ ფაქტს ტერაქტი უწოდა.
ბარსელონას ცენტრში მიკროავტობუსი ხალხის მასაში შევარდა. წინასწარი მონაცემებით რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინციდენტი მოხდა კატალონიის მოედანთან, რამბლას ბულვართან, იმ ადგილას, სადაც ქვეითად მოსიარულეები გადადიოდნენ.
აღნიშნული ადგილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილია ტურისტებისთვის. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მძღოლმა მოახერხა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. დაშავებულებსა და გარდაცვლილებს შორის 18 ქვეყნის მოქალაქეა.