“ჯემ ფესტის” დამფუძნებლის, გიორგი სიგუას განცხადებით, შარშანდელის მსგავსად წელსაც ფესტივალის ორგანიზატორებს ვალი დარჩათ. სიგუას თქმით, ძირითადი თანხა უცხოელი პარტნიორებისთვის აქვთ მისაცემი, რაც 400 ათას ევროს შეადგენს, საქართველოში დავალიანება კი 100-150 ათასს აღწევს.
მისი თქმით, თანამშრომლებთან ადავალიანება სამოქალაქო საკითხია და არა კრიმინალი. სიგუა ამბობს, რომ მის მიმართავ ბევრ ვენდორს აქვს დავალიანება. ფესტივალის ორგანიზატორი ამბობს, რომ შარშანაც ვალებით დაასრულა “ჯემ ფესტი” და წელსაც, ამიტომ მის მიმართ რაიმე კითხვები ზედმეტია.
„თანამშრომლებთან დავალიანება სამოქალაქო საკითხია, ეს კრიმინალი არ არის. ჩვენ დავალიანება გვაქვს, ისე როგორც დავალიანება ძალიან ბევრ ვენდორს ჩვენს მიმართაც აქვთ. “ჯემ ფესტ 2016” შარშანაც ვალებით დავამთავრეთ და წელსაც ვალებით დავამთავრეთ. აუცილებლად ყველაფერს გადავხდით.. დავალიანება იმაზე ნაკლები გვაქვს, ვიდრე დავალიანება ჩვენს მიმართ აქვთ. 400 ათასი ევრო, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან დავალიანებაა და საქართველოში დავალიანება 100-150 ათასია. ეს უსაშველო ციფრები და დავალიანება არ არის, რომელსაც ჩვენ ვერ გადავიხდით.
ცოტა ჩვენი თანამშრომლების დავალიანებაც გვაქვს. “ჯემ ფესტ 2017″-ში 350 ადამიანი მუშაობდა. მათგან უმრავლესობამ ანაზღაურება სრულად მიიღო. ასაღები 200-200 ლარი დარჩათ და მაგასაც რა თქმა უნდა ბოლო კაპიკამდე გადავუხდით. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დავალიანება მილიონ ლარზე მეტი აქვთ, ეს ჩვენს მიმართ სხვადასხვა კაფეების,რესტორნების და ობიექტების ვალია”, – განაცხადა სიგუამ.
მისივე თქმით, რამდენიმე დღეში პრესკონფერენციას გამართავს, სადაც გეგმებზე ისაუბრებს. სიგუამ საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ საქმე აღძრულია არა „ჯემ ფესტის“ ორაგნიზატორების წინააღმდეგ, არამედ საქმე ეხება ქონების დაზიანებას, რომელთანაც არც მას და არც მის თანამშრომლებს კავშირი არ აქვთ.
„როგორც ახლა ჩვენს ადვოკატთან ერთად გავარკვიეთ, საქმე აღძრულია არა ჩვენსა და“ჯემ ფესტის“ ან ჩემს წინააღმდეგ, არამედ ფაქტზე, რომ ვეღაცას ქონება დაუზიანდა, რომელშიც ჩვენ არავინ გვადანაშაულებს. ეს ყველაფერი ცოტათი გაუგებარია, ამიტომაც ჩამოვედი საქართველოში. უნდა გავარკვიო, ჩვენი ოფისიდან სრული დოკუმენტაცია რატომ ამოიღეს, კომპიუტერები რატომ წაიღეს, რას ეძებენ, რისი პოვნა უნდათ. არც ერთი თეთრი ჩვენს კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მიუღია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა პირდაპირ იმ არტისტებს გადაუხადეს, რომლებმაც „ჯემ ფესტზე“ დაუკრეს. დანარჩენს ჩვენ გადავუხადეთ“,- აღნიშნა სიგუამ.