სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ძე ინმა აცხადებს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ომი არ იქნება. მისი თქმით, შეერთთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჰპირდა, რომ მისი ბირთვული იარაღის მქონე მეზობლის წინააღმდეგ ნებისმიერ არჩევანს სეულთან შეათანხმებს.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, პრეზიდენტმა მუნმა ხუთშაბათს დაჟინებით მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, არ გადადგას შემდგომი პროვოკაციული ნაბიჯები, რადგან ეს უფრო მკაცრი სანქციების და ქვეყნის ისეთი გაღატაკების საფუძველი გახდება, რომლიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იქნება.
მან განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ სარაკეტო გამოცდების შეჩერებაზე მოლაპარაკებებისთვის ჩრდილოეთ კორეაში სპეციალური წარმომადგენლის გაგზავნის საკითხს განიხილავს და იმედოვნებს, რომ კიმ ჩენ ინის დარწმუნებას შეძლებს.
„ყველა სამხრეთ კორეელი მუშაობდა თავდაუზოგავად, რათა აღედგინა ქვეყანა კორეის ომის ნანგრევებისაგან. ამიტომ, მე ნებისმიერ ფასად დავიცავ იმას, რომ ომი არ დაიწყოს. მსურს, რომ ყველა სამხრეთ კორეელს სჯეროდეს, რომ ომი არ იქნება“,- განაცხადა მუნმა, თუმცა აღნიშნა, რომ ფხენიანი, „წითელი ხაზის გადამკვეთი“ იქნება, თუკი ის ბირთვული ქობინების მქონე კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტით შეიარაღდება.
ჩრდილოეთ კორეაში „ცეცხლისა და მახვილის“ შეტანის მუქარის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გადაწყვეტილებას გამოეხამუარა და განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინმა „ძალიან ბრძნული“ ნაბიჯი გადადგა.
„ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ძალიან ბრძნული და კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო. ალტერნატივა იქნებოდა, როგორც მიუღებელი, ასევე კატასტროფული“,- დაწერა ტრამპმა ოთხშაბათს „ტვიტერზე“.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება გადადო და განაცხადა,რომ ცოტა უფრო ხანგრძლივად დააკვირდება შეერთებული შტატების ქმედებებს.