ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილის მინისტრმა სატელეფონო საუბრის დროს აღიარა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდი”

რუსი პრანკერებისა და გიორგი მღებრიშვილის შესაძლო სატელეფონო საუბარს facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი საქართველოში ჩასვლის ეშინია.

“რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა “ავაკოვთან” საუბრის დროს აღიარა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდი: ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ არის გაყალბებული და ატარებს წმინდა პოლიტიკურ ხასიათს. ივანიშვილს ეშინია საქართველოში ჩემი ჩასვლის, რადგან ქართველი ერი, რომელსაც უკვე საკმარისი მასალა აქვს ჩემი მმართველობის ოლიგარქიულ ჩაგვრასთან შესადარებლად, გამოვა ქუჩაში და მოაშორებს მათ, როგორც კი მე გამოვჩნდები თბილისში. მაგრამ, მე მაქვს უახლესი გეგმები, დაკავშირებული უკრაინასთან და მის გათავისუფლებასთან მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბრობს, უკრაინულ ვებ გვერდზე გავრცელდა.

ვებ გვერდის „სტრანა უა“-ს მტკიცებით, ცნობილმა რუსმა სატელეფონო ხულიგანმა, “ვოვანმა” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა, თავი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვად წარუდგინდა.

აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილმა თავის კოლეგას უთხრა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე დააკავებენ, საქართველოს არ სურს, რომ ის გადმოსცენ.

უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ ჩანაწერის შინაარს შსს-ში კატეგორიულად უარყოფენ.

“მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. ზოგადად, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია,” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

იტვირთბა....