ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

176 ადამიანი გადაარჩინეს: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შავ ზღვაზე 176 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, მათ შორის, 106 საქართველოს და 70 სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მაშველების მიერ დამსვენებლების ზღვიდან უვნებლად გამოყვანის ყველაზე მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი ურეკში დაფიქსირდა, კერძოდ, მაშველებმა, პროფესიონალური და ოპერატიული რეაგირების შედეგად, 62 მოქალაქე (საქართველოს 23 და სხვა ქვეყნის 39 მოქალაქე) გადაარჩინეს.
წყალზე მაშველებმა ქობულეთში, ეფექტური რეაგირების შედეგად, განსაცდელში მყოფი 24 ადამიანი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე, ზღვიდან გამოიყვანეს. ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სანაპირო ზოლზე წყალზე მაშველებმა დახმარება 41 პირს – საქართველოს 25 და სხვა ქვეყნის 16 მოქალაქეს გაუწიეს. შსს-ს მაშველებმა ანაკლიასა და განმუხურში 45 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათ შორის იყო საქართველოს 40 და სხვა ქვეყნის 5 მოქალაქე. ფოთში ზღვაში განსაცდელში მყოფი ადამიანების გადარჩენის 4 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ სანაპირო ზოლზე დამონტაჟებულ ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს, არ გასცდნენ მაშველთა პატრულირების არეალს და დაემორჩილონ მათ მითითებებს, ნუ შევლენ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში/ნაბახუსევზე, ყურადღება მიაქციონ ბავშვებს/მოზარდებს, ნუ დატოვებთ მათ მეთვალყურეობის გარეშე, კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობისა და შეზღუდული ხილვადობის დროს. ასევე თავი შეიკავონ წყალში შესვლისგან იქ, სადაც, არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი და ამკრძალავი ნიშნები, არ არის შექმნილი პირობები უსაფრთხო ცურვისთვის.

 

იტვირთბა....