ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენიმე წელია თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს

ქალაქ თელავის მცხოვრებლები აცახდებენ, რომ რამდენიმე წელია, რაც ქალაქში  მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. მოქალაქეების თქმით, ქალაქის ტრანსპორტის მაგივრად, მგზავრობა ტაქსებით უწევთ, რომელთა ფასიც გაცილებით მაღალია. თუმცა ქალაქში სხვა ალტერნატიული გადაადგილების საშუალება არ არსებობს და იძულებულები არიან, რომ ტაქსით იმოძრაონ.

“რამდენი ხანია ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება, ვისაც საკუთარი მანქანა არ ჰყავს, მგზავრობა ტაქსებით გვიხდება, რომელთა ფასიც 70 თეთრია, როდესაც ავტობუსი დაახლოებით 40 თეთრი უნდა ღირდეს”,-ამბობს ქალაქის მკიდრი ლიანა დანელიშვილი.

“აუცილებელია ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობდეს, ადრე დადიოდა ავტობუსები, ვიცოდით გრაფიკი და არც ტრანსპორტის ლოდინში იკარგებოდა დრო, ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაპირებაც არსებობდა, თუმცა ჯერჯერობით ამ კუთხით სიახლე არ არის”,- თამარ დაბრუნდაშვილი, ადგილობრივი მცხოვრები.

ადგილობრივების პასუხად თელავის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე დონორებთან, თანხების მოძიების მიზნით. თუმცა, როდიდან შეეძლება ქალაქის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა, თარიღს ვერ აკონკრეტებენ.

,,2015 წელს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე. მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სამთავრობო დონეზე, იბიარდთან, ვცდილობთ მოვიძიოთ დონორები, თუმცა ამ ეტაპზე არ შემიძლია გითხრათ, როდის დაიწყებს ფუნქციონირებას მუნიციპალური ტრანსპორტი”, – განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას თელავის ვიცე- მერმა, თენგიზ მთვარელიშვილმა.

 

წყარო: “აიპრესი”

იტვირთბა....