ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რუსეთს ომის დასაწყებად 3 მთავარი მიზეზი ჰქონდა“: ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ…

„ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ სააკაშვილი არაფერ შუაში არ არის და რუსეთს ჩვენ ქვეყანასთან საკუთარი გეგმები აქვს

დღეს რუსეთ-საქართველოს ომიდან, იმ ტრაგიკული დღეების დაწყებიდან 9 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული სოფლების მიმართულებით ცხინვალიდან ჭურვები ისროლეს და იმავე დღეს, გვიან ღამით, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ გახსნა საქართველოს ხელისუფლებამ საპასუხო ცეცხლი, რაც ომის დაწყების პირველი ნიშანი გახდა.

შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება, ვინ მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება? რა მიზნით დაიწყო ვლადიმერ პუტინმა ომი და ახლა, რა სიტუაციაში იმყოფება ჩვენი ხელისუფლება? არსებობს თუ არა ომის განმეორების საფრთხე და როგორ უნდა აიცილოს ქვეყანამ ე.წ. მცოცავი ოკუპაციის პირობებში, შესაძლო კონფლიქტი? 2008 წლის ომის შესახებ „მეტრონომი“ სამხედრო ექსპერტებს ესაუბრა, რომლებიც კონფლიქტის მიზეზებს და შედეგებს აფასებენ.

შეგახსენებთ, 5-დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1 747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე. ომის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს კოდორის ხეობა და შიდა ქართლის დიდი ნაწილი. ომიდან რამდენიმე კვირაში რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება დღემდე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კრემლის ამ ინიციატივას არასერიოზულად აღიქვამს.

რუსული ოკუპაცია დღემდე არ შეჩერებულა და კვლავ გრძელდება. საოკუპაციო ხაზი დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი მთავარი მაგისტრალიდან 400 მეტრში გადის. არსებობს საფრთხე, რომ რუსებმა საქართველოს დასავლეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტონ.

აგვისტოს ომის დაწყების დღეს კი აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რაც თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისა და აშშ-ის მიერ საქართველოსადმი დიდი მხარდაჭერის გამოხატვის საპასუხოდ აღიქვეს.

ბრიგადის გენერალი და უსაფრთხოების საკითხების ანალისტიკოსი ამირან სალუქვაძე, „მეტრონომთან“ 2008 წლის ომიდან გასულ 9 წელს აფასებს  და ამბობს, რომ ქვეყანა მსგავსი რისკების წინაშე დღესაც იმყოფება. სალუქვაძის განცხადებით, აგვისტოს ომმა საქართველოს უზარმაზარი ზიანი მოუტანა, რასაც კიდევ დიდხანს მოვიმკით.

ანალიტიკოსის აზრით, ზარალი პირველ რიგში, ადამიანური მსხვერპლის სახით მივიღეთ. ასევე ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც საქართველოსთვის დღემდე განსაკუთრებულ პრობლემად რჩება.

გენერლის თქმით, ჯერ მხოლოდ ცხინვალის რეგიონში 100-ზე მეტი სოფელი დავკარგეთ და ამ ზარალის სიტყვებით შეფასება რთულია. ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რამაც რუსთთან კიდევ უფრო ჩიხური სიტუაცია შექმნა.

გენერლის განცხადებით, რაც შეეხება 2008 წლის ომის თავიდან აცილების შესაძლებლობას, ძალიან გაცვეთილი თემაა, თუმცა ამაზე საუბარი მაინც გვიწევს. სალუქვაძის აზრით, ის რომ დასავლეთმა აგვისტოს ომს არასერიოზულად შეხედა, სწორედ ამის შედეგია ის, რაც შემდეგ უკრაინაში  მივიღეთ.

„დასავლეთის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე მეტი ჩართულობა და გააზრება უნდა ყოფილიყო. ის რომ ყველაფერი ომისკენ მიდიოდა ძალიან კარგად ჩანდა. ომამდე როგორც პუბლიკაციებით, ასევე პირადი წერილებით, პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვაფრთხილებდი, რომ რუსეთთან წინასაომარ საშიშროებაზე და არმიაში არსებულ პრობლემებზე ვწერდი. ეს საფრთხე რეალურად არსებობდა. ახლა ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა მოახერხოს, რაც სწორედ იმ ხელისუფებას მეტი უნდა გაეკეთებინა და მსოფლიო ამ საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა.

გასაგებია, რომ კოსოვოს აღიარებამ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით გაააქტიურა, რომელსაც არ დაუმალავს „საშინაო დავალების“ არსებობა.

სამხედრო ვარ და ვერანაირად ვერ ვიტყი, რომ ომით დაკარგული ომითვე არ უნდა დავიბრუნოთ, მაგრამ ყველა ომის დაწყებას თავისი დრო და ვითარება აქვს. უნდა იცოდე როდის, რა და როგორ უნდა დაიწყო. მარტივია, ბრძოლის დაწყების წინ, მოწინააღმდეგესთან რა პირობებში იმყოფები და მასთან საბრძოლველად რა შანსები გაქვს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.

ჩვენ რომ ომისთვის მზად არ ვიყავით, ეს მაშინვე ცხადი გახდა, ამიტომ ამ ომის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა. დავუშვათ, რომ ომის თავიდან აცილება ვერ შევძელით, აქაც ჩვენი სცენარები უნდა გვქონოდა. როდესაც მტრის ძალები ჩვენსას აღემატება შეტევის დაწყება არაფრით არ შეიძლებოდა. ამის ანალიზი ჯერ არ გაგვიკეთებია“, – ამბობს სალუქვაძე „მეტრონომთან“.

მისი თქმით, ვცდებით, როდესაც ვამბობთ, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო. აგვისტოს ომს წინ ორწლიანი მზადება უსწრებდა. სალუქვაძის აზრით, 7 აგვისტოდან საქართველოს მოქმედებები სრულიად სხვაგვარი უნდა ყოფილიყო და ჩვენ თავდაცვით რეჟიმში უნდა ჩავმდგარიყავით. გენერალი ამბობს, რომ თუ რუსეთს მთელი საქართველოს ოკუპაცია სურდა, ამას მოახრხებდა. სალუქვაძის განცხადებით, პუტინმა საქართველოში მიმდინარე სამხედრო ინტერვეციას, „მშვიდობის იძულება“ დაარქვა, ეს კი კონკრეტულ ქმედებებს მოიაზრებდა მხოლოდ ამ ორი რეგიონის ფარგლებში.

გენერლის აზრით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და საქართველოში რამდენიმე ქვეყნის ლიდერის ჩამოსვლა, მათი მხრიდან პირადი გმირობა იყო, თუმცა ეს ვერ შეაჩერებდა კრემლის გეგმებს, თუ მთლიან ოკუპაციას დაისახავდნენ მიზნად.

„საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე, რა თქმა უნდა, კვლავ არსებობს. ვიცით, რომ გამოწვევებს კარგი შედეგები არ მოაქვს. ნატოს სამხედრო შეიარაღების გადაადგილების მედიაში ამ დონით გაშუქება, ჩემი აზრით, კარგს არაფერს მოგვიტანს. ამ უაზრო გამოწვევების საპასუხოა, როდესაც პუტინი ახლა სოხუმში ჩადის და ველით რა სახის განცხადებებს გააკეთებს. დიდი ალბათობით იტყვის, რომ ის კვლავ ძველ პოზიციებზე დგას.

ჩვენი ქმედებები ყოველთვის გააზრებული უნდა იყოს და რაღაც სტრატეგიიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. პატარა შეცდომებს კვლავ ვუშვებთ, რომელიც კონფლიქტის გადაჭრასთან კვლავ დიდი ხნით გვაშორებს. ყველა უნდა დავსხდეთ და შევიმუშაოთ სტრატეგია დეოკუპაციის მიმართულებით. ზედმეტი კეკლუცობას და გაუაზრებელ განცხადებებს თავი უნდა დავანებოთ.

პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოახერხონ ოკუპაციის საკითხი, დეოკუპაციის სტრატეგია გავიტანოთ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დღის წესრიგიდან. სხვაგვარად შედეგს ვერ მივაღწევთ“, – ამბობს სალუქვაძე „მეტრონომთან“.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ 2008 წლის ომის ცხრა წლის თავზე, სიტუაცია კვლავ არასახარბიელოა. მისი თქმით, აგვისტოს ომმა, საქართველოს უამრავი პრობლემა შეუქმნა არა მხოლოდ ამ თაობას, არამედ მომავალ თაობასაც, რომელიც მემკვიდრეობით რუსეთთან უფრო გართულებულ ურთიერთობას მიიღებს. ალადაშვილის განცხადებით, სიტუაცია ოკუპაციის შემდეგ უკვე ანექსიისაკენ მიდის, რომლის შეჩერებასაც საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს.

რედაქტორის განცხადებით, 2008 წლის ომი გარდაუვალი იყო, რადგანაც რუსეთი სამხედრო ინტერვეციისკენ ჯერ კიდევ 2004 წელს ცდილობდა. მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარები გამოეყვანა და როკის გვირაბთან უკვე მოსული რუსეთის სამხედრო ძალა უკან გაბრუნდა. თუმცა, ალადაშვილის განცხადებით, 2008 წელს ომის თავიდან არიდება ვეღარ მოხერხდა. მისი აზრით, რუსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმი ომისთვის უკვე მომზადებული იყო.

„მაშინდელ საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა, ან დროში მაინც გაეწელა. თუ ეს ომი ზამთრის პერიოდში მოხდებოდა, რუსეთის ავიაციის ფაქტორი ნაკლები იქნებოდა. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ავიაცია საქართველოზე ასეთ მასშტაბურ დარტყმებს ვერ განახორციელებდა.

ამ ომს ჩვენმა ხელისუფლებამაც გაუანალიზებელი ქმედებებით ხელი შეუწყო. მაგალითად ზუგდიდთან რუსეთის სამშვიდობო ჯარისკაცების დაკავება და საჯაროდ იარაღის ჩამორთმევა. ასევე მოხდა ამის მედიით ფართო გაშუქება. ასეთმა გაუთვიცნობიერებელმა ქმედებებმა ცეცხლზე ნავთი დაასხა. რუსეთს ომის დასაწყებად 3 მთავარი მიზეზი ჰქონდა: პირველი იყო, რომ საქართველოს ნატოში შესვლა შეფერხებულიყო.

გვახსოვს, ბუქარესტის სამიტზე გაკეთდა განცხადებები, რომ საქართველოს ნატოში მივიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ იქ დრო არ დაკონკრეტებულა, ეს განცხადებაც კი საკმარისი აღმოჩნდა ომის დასაწყებად.

მეორე – კოსოვოს ფაქტორი, როდესაც დასავლეთმა მისი დამოუკიდებლობა აღიარა. მაშინ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ადეკვატურ პასუხს მიიღებდნენ და სამწუხაროდ, ჯოხი ბოლოს ჩვენზე გადატყდა.

მესამე მიზეზი კი სოჭის ოლიმპიადა იყო, რადგანაც რუსეთს არ სურდა რომ აფხაზეთის საზღვართან რაიმე სახის ინციდენტები მომხდარიყო. აი ეს ფაქტორები იყო, რის გამოც 2008 წლის ომი გარდაუვალი გახდა“, -განაცხადა ალადაშვილმა „მეტრონომთან“.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ახლა არასახარბიელო სიტუაციაში იმყოფება, რაც 2008 წლის ომის შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო. ალადაშვილის აზრით, რუსეთის ყოველდღიური ე.წ. მცოცავი ოკუპაცია, 2008 წლის ომის განმეორების საფრთხეს ქმნის. კრემლი  ყველანაირად ცდილობს, რომ მსგავს პროვოკაციაში კვლავ ჩაგვითრიოს. ამიტომ ალადაშვილს მიაჩნია, რომ ყველა ჩვენი ქმედება საკმაოდ მოზომილი და ფრთხილი უნდა იყოს. მისი აზრით, ერთადერთი სწორი მიმართულებაა, რომ ნატოსთან და დასავლეთთან ურთიერთობა კიდევ გავააქტიუროთ, თუმცა, ესეც მოზომილი და დაფიქრებული პოლიტიკის საფუძველზე უნდა მოხდეს. რუსეთის გაღიზიანება და აშკარა მანიპულაციები არ უნდა დავუშვათ, რაც კვლავ სამხედრო ინტერევეციაში ჩაგვითრევს.

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი კორნელი კაკაჩია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ 2008 წლის ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რადგანაც საქართველოს და რუსეთის ინტერესები იმდენად კონფლიქტში მოდიოდა, რომ ვერცერთი მათგანი დათმობაზე ვერ წავიდოდა. კაკაჩიას აზრით, ამ ომში პერსონებს იმდენად მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც არცერთი სახელმწიფო საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე უარის თქმას არ აპირებდა.

ამ კონფლიქტის მოხდენა მხოლოდ დროის საკითხი იყო. კაკაჩიას აზრით, შევარდნაძის დროსაც იყო მცდელობა, რომ ქვეყანა სამხედრო კონფლიქტში ჩაეთრიათ. თუმცა, ექპსერტის აზრით, შევარდნაძე საკმაოდ გონიერი პოლიტიკოსი იყო და პანკისში დაწყებული პროვოკაცია მშვიდობიანად მოაგვარა და ის კონფრონტაციაში არ შევიდა.

„მიხეილ სააკაშვილს 2008 წელს სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა და ტერიტორიები უბრძოლველად ჩაებარებინა, მაშინ მას ამას არ აპატიებდნენ. მას უმოქმედობას ღალატად ჩაუთვლიდნენ. თუმცა, ომის გამწვავებიგან თავის არიდება გააზრებული ქმედებით ნამდვილად შეგვეძლო.

იმ დროს საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის მცდარმა პოლიტიკამაც დააბნია და ფაქტობრივად, მათმა შემდგომმა უმოქმედობამ საქართველო მძიმე სიტუაციაში ჩააგდო. ყველამ კარგად ვიცით, რომ პუტინი ამ ომისთვის უკვე კარგად მომზადეებული იყო და მხოლოდ მომენტს ეძებდა, რომ ეს შანსი უკვე გამოეყენებინა.

ფაქტია, რომ რუსეთთან ნორმალიზაციის პოლიტიკამ ვერ გაამართლა. რუსეთი საქართველოსთან იმ სფეროში თანამშრომლობს რომლიც მას აწყობს. ვგულისხმობ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს დეოკუპაციის პრობლემას ვერ მოუგვარებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ სააკაშვილი არაფერ შუაში არ არის და რუსეთს ჩვენ ქვეყანასთან საკუთარი გეგმები აქვს, რომელსაც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში განახორციელებს.

ვხედავთ, რომ ამ კუთხით ქვეყნის პოლიტიკა ჩიხში შევიდა და პირიქით, ახალი ე.წ. მცოცავი ოკუპაცია მივიღეთ. ამიტომ ახლა აუცილებელია ახალი პოლიტიკის მოფიქრება, რათა ე.წ. ბორდერიზაცია შეწყდეს. თავის მხრივ ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს, რათა მსგავს პროვოკაციაში ქვეყანა კვლავ არ აღმოჩნდეს“, – ამბობს კაკაჩია „მეტრონომთან“.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

 

იტვირთბა....