შეხვედრა სპორტის სასახლეში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, NBA-ს ვარსკვლავმა ზაზა ფაჩულიამ 2008 წლის აგვისტოს გმირების გახსენებით დაიწყო.
“პირველ რიგში მინდა შევეხო 2008 წლის 8 აგვისტოს თემას, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა. ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა და ჩვენი მეომრები დავკარგეთ და ისინი მინდა მოვიგონო” – განაცხადა ფაჩულიამ.
მისი თქმით, ეს იყო ომი, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა შეეწირა.
“ხვალინდელი დღე იქნება მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე. უნდა გავიხსენოთ ჩვენი ჯარისკაცები, უნდა გავიხსენოთ ის ტრაგედია, რაც გადახდა ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიამ, როგორც NBA-ს გამარჯვებულმა დანაპირები შეასრულა და საქართველოში თასი ჩამოიტანა.