სექტემბრიდან სკოლის მოსწავლეებს სიახლეები ელით, – ამის შესახებ განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლია გიგაური ambebi.ge-სთან საუბრისას აცხადებს.
მისი თქმით, ერთ-ერთი მასშტაბური ინიციატივა სკოლებში “თავისუფალი გაკვეთილების” დანერგვაა:
“ეს გაკვეთილები VII-VIII კლასის მოსწავლეებისთვის მათი ინტერესების შესაბამისად იგეგმება და წარმოადგენს კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან. თავისუფალი გაკვეთილები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნულ გაკვეთილებში ჩართულია 900 სკოლის 45 000-ზე მეტი მოსწავლე. მოთხოვნა 2000-ზე მეტმა სკოლამ წარმოადგინა. პროექტების დაფინანსება გაგრძელდება და თავისუფალი გაკვეთილებში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა სექტემბრიდან გაორმაგდება”- აღნიშნავს ლია გიგაური.
მისი თქმით, 2017 წლის ოქტომბრიდან სკოლებში დაიწყება ახალი პროექტი – შრომითი უნარების განვითარების პროგრამა.
“ეს არის სხვადასხვა სახელობო მიმართულებების მიხედვით თემატური მოდულების სწავლება, კონკრეტულ სკოლის მოთხოვნის საფუძველზე, ანუ თანამედროვე შრომის გაკვეთილები”- აღნიშნავს განათლების მინისტრის მოადგილე.
გიგაური ამბობს, რომ სკოლებში მოეწყობა მინიმალური ბაზა, სადაც საბაზო საფეხურის მოსწავლეებს მათთვის საინტერესო პროფესიის საბაზისო უნარების შესაძენად პრაქტიკული გაკვეთილები ჩაუტარდებათ. აქამდე სკოლებს და პროფესიულ სასწავლებლებს ასეთი ერთობლივი პროექტი არ ქონიათ.
ასევე, ახალი სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური გახდება სასკოლო-საგანმანათლებლო ექსკურსიების პროგრამა, რომელიც კვლავ დაფინანსდება.
კიდევ ერთი სიახლე ელექტრონული სახელმძღვანელოებია, – ჩანთის სიმძიმის პრობლემა მომავალში მოსწავლეებს ნაკლებად შეაწუხებთ.
წყარო: ambebi.ge