ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

დანაშაული, რომლის უკან დგანან კლანური ჯგუფები: “თეთრი ხმაური” სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და Gem Fest-ზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ძალოვანი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს აკისრებს.

მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ სახეზე გვაქვს მიზანმიმართული დანაშაული, რომლის უკანაც დგანან კლანურ ჯგუფებს, რომლებიც წლებია იკვებებიან ადამიანთა განადგურებით და რეპრესიული მექანიზმებით, ისინი აკონტროლებენ და წარმართავენ ქვეყანაში მოქმედ ნარკოპოლიტიკის ყველა ასპექტს.

“სამწუხაროდ მათი ძალაუფლება ძალიან დიდია, ისინი გავლენას ახდენენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, საკუთარი ძალადობრივი ქმედებებს არგებენ კანონებს, ფლობენ ხალხისგან ნაძარცვ კაპიტალს, ფლობენ ინფორმაციის გავრცელების წყაროებს, რომელთა დახმარებითაც უკვე მესამე დღეა ვხედავთ, როგორ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ახორციელებენ წინასწარ დაგეგმილ, კარგად მომზადებულ შეტევებს საღ აზრზე. მათი ქმედებები ემსახურება ერთადერთს: მოხდეს დეკრიმინალიზაციის იდეის დისკრედიტაცია და მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების ხელშეშლა. ისინი ცდილობენ დეკრიმინალიზაციისკენ მიმართული სამართლიანი საზოგადოებრივი პროტესტის დასრულებას, რომელიც მესამე წელია იბრძვის ჰუმანური ნარკო პოლიტიკისთვის, ნულოვანი ტოლერანტობის პრაქტიკების გაუქმებისთვის და უდანაშაულო ადამიანების ციხისგან და სისტემის მარწუხებისგან დახსნისთვის“, – აცხადებენ მოძრაობაში.

მოძრაობის წევრები მიმართავენ ხელისუფლებაში მყოფ სიმართლის მხარდამჭერ ადამიანებს, ვინც იაზრებენ პრობლემის სიმწვავეს: “თქვენ ჩვენთან ერთად ვალდებულნი ხართ, რომ ღიად დაუპირისპირდეთ ზემოთ ნახსენებ ძალებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ერთად დავამარცხოთ ეს ბოროტება”.

“მოვუწოდებთ გამოძიებას, რომ სასწრაფოდ დადგინდეს და გასაჯაროვდეს ექსპერტიზის შედეგები, თუ რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე, როგორც გარდაცვლილის, ისე მოწამლულთა შემთხვევაში. ჩვენი აზრით, ეს არის ყველაზე მძიმე და საფრთხის შემცველი სუბსტანცია – GHB, რომელსაც ებრძვიან მსოფლიოში. იმედი გვაქვს, რომ ექსპერტიზა იქნება სათანადოდ ადეკვატური”,- აცხადებენ მოძრაობაში.

ისინი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ მხარდამჭერებს და ადამიანებს რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომ ისინი დგანან სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ.

“არ გვაქვს გაუაზრებელი შეცდომების დაშვების უფლება, რადგან ამით დავაზარალებთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ იმ სიმართლეს, რომლისთვისაც წლებია ვიბრძვით”, – აცხადებენ “თეთრი ხმაურის მოძრაობაში”.

ორგანიზაციის წევრები კონკრეტული პირების სახელების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ, რადგან სინამდვილეში ყველამ კარგად იცის ვისზეც არის საუბარი.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” კიდევ ერთხელ იზიარებს ნათია თ.-ს ოჯახის მწუხარებას.

 

იტვირთბა....