ექსპერტი გია ხუხაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს აფასებს. მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები ძალიან პოზიტიურია ჩვენთვის, მაგრამ ამავდროულად ის ურჩევს ხელისუფლებას, გარდა აღფრთოვანებებისა, ანალიზითაც დაკავდნენ.
“აშშ-ის მხარდაჭერასთან ერთად იზრდება რისკებიც, რადგან რაც უფრო მეტია ამ ტიპის რიტორიკა, მით უფრო მეტია აგრესიის საფრთხე რუსეთისგან. კარგია სადღეგრძელოები, მაგრამ შინაარსით უნდა შეივსოს ეს ყველაფერი. ჩვენ გვჭირდება შინაარსობრივი გარანტიები ამერიკის მხრიდან, რომ შესაძლო გართულებების შემთხვევაში არ აღმოვჩნდებით იგივე მდგომარეობაში, როგორშიც აღმოვჩნდით 2008 წელს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, ჩვენი ხელისუფლება უნდა ელაპარაკებოდეს პენსს იმაზე თუ რა კონკრეტულ განვითარებას რა რეაგირება უნდა მოჰყვებოდეს აშშ-სგან, რომ ჩვენ ეფექტური თავდაცვა შევძლოთ შესაძლო გართულებების შემთხვევაში.
ის ფიქრობს, რომ ამ საკითხებზე საჯაროდ ლაპარაკი არ არის საჭირო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რეალური გარანტიები. ჩვენი პრობლემები ამერიკამ იმდენად უნდა გაითავისოს, რომ ჩვენი უსაფრთხოება მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყოს, რადგან ჩვენ ამასთან გვაქვს სერიოზული პრობლემა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მიზანმიმართულად მივისწრაფვით დასავლურ სამყაროზე.
“ისე არ უნდა მოხდეს, რომ როდესაც ჩვენ პრობლემები შეგვექმნება, წყალი გვიგზავნონ გემებით და ამით შემოიფარგლონ”,- ამბობს ხუხაშვილმა.