დღეს, სასტუმრო “იოტა”-ში საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციამ „საქართველოს მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის (SportsWay Tourism)“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც 2017 წლის 28-29 სექტემბერს გაიმართება.
პრეზენტაცია საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა ცივაძემ გახსნა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ფედერაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებაა.
ორგანიზატორების განცხადებით, სექტემბერში დაგეგმილი კონფერენციის მიზანი, სპორტულ მოვლენათა ტურიზმის კუთხით საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად წარმოჩინებაა.
”როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს კორპორაციული სპორტის ფედერაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებაა. ჩვენ მიერ, უკვე არაერთხელ ჩატარდა თემატური საგანმანათლებლო კონფერენცია. ერთ-ერთი მათგანი 28-29 სექტემბერს, ქალაქ ბორჯომში, დაგეგმილი ღონისძიებაა. მისი მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და საერთაშორისო დონეზე გატანაა“ – აღნიშნა პაატა ცივაძემ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სექტემბერში დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში მოხსენებით და პრეზენტაციით გამოვა 15-17 სპიკერი – აშშ, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი. მაგალითად: ლუის სილვა, ვლადიმირ ვოლოშინ, ელჩინ საფაროვი, ფრედერიკ პერიე, იური სტროფილოვი, სტივენ ვარშაუ, დმიტრი სვიშევი და მრავალი სხვა. ხოლო 250-მდე მონაწილეს ექნება შესანიშნავი შესაძლებლობა დაესწროს მასტერკლასებს, მიიღოს b2b ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობა, დაამყაროს საქმიანი კონტაქტები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება Event Expo, სადაც დაინტერესებულ ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება წარმოადგინონ თავიანთი შესაძლებლობა.
როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, დაგეგმილი კონფერენცია საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ გაიზიაროს მსოფლიო გამოცდილება სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით:
”იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა უაღრესად წარმატებულია უცხოელი ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში განვითარდეს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის, სპორტული ტურიზმი, რის განვითარებასაც ხელს შეუწყობს კონფერენცია, რომელიც ბორჯომში ჩატარდება და მას დაესწრებიან მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები“-აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
კორპორატიული სპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ ბოქოლიშვილმა სექტემბერში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილე სპიკერების შესახებ ისაუბრა:
”კონფერენციის მიზანი მარტივია, რომ საქართველო გახდეს სპორტულ მოვლენათა ტურიზმის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა. ამ მიზნით უკვე შერჩეულია სპიკერატის ძირითადი ნაწილი. ესენი არიან მსოფლიოში აღიარებული მოქმედი ხელმძღვანელები უდიდესი სპორტული ჰოლდინგების, ძალიან დიდი მსოფლიო მასშტაბის ტურნირების, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები, მათი საორგანიზაციო კომიტეტების ხელმძღვანელები. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კონტაქტები დამყარდეს, გავცვალოთ ახალი იდეები, ახალი ტურნირები შევქმნათ ან ბრენდირებული ტურნირები ჩავატაროთ სქართველოში, რომელიც როგორც წესი, ამა თუ იმ რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცევა ხოლმე.
ამ კონფერენციას დაესწრება, 2015 წლის, ტერიტორიის საუკეთესო მარკეტინგის მენეჯერი, რომელსაც მთელი კონცეფციები აქვს შემუშავებული, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები სპორტული ღონისძიებების კუთხით”- განაცხადა ზურაბ ბოქოლიშვილმა.
დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებოდნენ და სრული მხარდაჭერა აღუთქვეს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა, სპორტისა და ახლგაზრდობისა საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ,გიორგი ჩოგოვაძემ, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, დავით მარკოზაშვილმა და HOREKA -ს პრეზიდენტმა ქეთი მელაძემ.