ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო: “სოზარ სუბარს რომ ჰქონდეს თავმოყვარეობა, უნდა გადადგეს”

რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლომ მიკაილ კადიევის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ გააუქმა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება მიკაილ კადიევისთვის დევნილის სტატუსზე უარის შესახებ და დაავალა ამავე უწყებას, მისი საქმე ხელახლა განიხილოს.

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის სერგო რატიანის თქმით,“ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სოზარ სუბარს რომ ჰქონდეს თავმოყვარეობა, ის უნდა გადადგეს“.

შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქე, 27 წლის მიკაელ კადიევის (ქადოევის) ადვოკატებმა, 2014 წელს 27 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის საფუძველზეც კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

დაღესტნის მკვიდრ მიკაელ კადიევს, რუსეთის ფედერაციაში ხასავიურტის რაიონის ხელმძღვანელის – ალიმსულთან ალხამოვის მკვლელობასთან აკავშირებენ. ეს დანაშაული მოსკოვში 2009 წელს მოხდა. ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე მეორედ მიმართა თბილისს კადიევის ექსტრადირების მოთხოვნით.

კონტრტერორისტულმა ცენტრმა 2013 წლის 13 ივნისს, მიკაელ კადიევი, ბიძაშვილ რიზვან ომაროვთან ერთად, თბილისში, ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. სამინისტრომ მაშინ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენები იყო დიდძალი ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომელიც თითქოს კადიევის მიერ ნაქირავები ბინიდან ამოიღეს.

პატიმრობაში მყოფ კადიევსა და ომაროვს დღეს, მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვა-შეძენას ედავებიან. ორივე დაკავებული აცხადებს, რომ იარაღი მათ ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩაუდეს. კადიევი ასევე ამტკიცებს, რომ მას გათავისუფლების სანაცვლოდ, რამდენჯერმე შესთავაზეს, ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით ხელი კონკრეტული პირებისთვის დაედო.

იტვირთბა....