კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის და უკრაინის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის იურისტებს, კიევში საიმიგრაციო სამსახურში კარი ჩაუკეტეს და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ისინი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მიზეზების განმარტებას და შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვდნენ. მათ ორი განაცხადი აქვთ მიტანილი – იურისტების და დეპუტატების და ორივე დოკუმენტით ოფიციალური მასალების გადაცემას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოერთვა. საიმიგრაციო სამსახურში მისულებმა კი პასუხი ვერც ერთი ჩინოვნიკისგან ვერ მიიღეს.
„ჩემი აზრით მათ შეეშინდათ, რადგან არ აქვთ მტკიცე სამართლებრივი არგუმენტაცია. არავის სურს ამ უკანონო ქმედების ავტორად და პასუხისმგებელ პირად გამოჩენა მედიაში. არავის სურს იურიდიული პასუხისმგებლობის აღება იმ დანაშაულზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გულისხმობს. რომ გაიაროთ დერეფანში, ყველა კაბინეტი ჩაკეტილია, არცერთი თანამშრომელი არ ჩანს. ეს სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, მითუმეტეს ადვოკატებისა და დეპუტატებისთვის,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკოლაი ნიდილკომ.
მიხელ სააკაშვილის თანაგუნდელები და იურისტები გეგმავენ, რომ ოფიციალური წერილით მიმართონ უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს და მიიღონ ინფორმაცია, არის თუ არა რაიმე პროცედურები დაწყებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო ექსტრადირების შესახებ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ პეტრო პოროშენკო სააკაშვილის ექსტრადირებას გეგმავს.
შეგახსენებთ, თავდაპირველად სააკაშვილის მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “მეტრონომმა” 26 ივლისს, რადას დეპუტატის “ფეისბუქ” “სტატუსის” მიხედვით გამოაქვეყნა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მოტყუების გზით მიიღო. კერძოდ, როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, სააკაშვილმა მიუთითა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობდა, თუმცა, საქართველოს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში.
ამჟამად აშშ-ში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამართლებრივ ბრძოლასა და უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს: “მე ერთი მოქალაქეობა მაქვს – უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულოს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება”.