ლიტველი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის ბინადრობის უფლების, მოგვიანებით კი ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების ინციატივით გამოდის. მისი თქმით, სააკაშვილს ასევე შეეძლება, რომ ლიტვაში პოლიტიკურ-ანალიტიკური ორგანიზაცია შექმნას.
„ჩვენ შეგვიძლია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მივცეთ ლიტვაში ბინადრობის უფლება, რის შემდეგაც, მას საშუალება ექნება, აქ შეძლოს პოლიტიკურ-ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მას ევროპაში მუშაობის საშუალებას მისცემს“ – განუცხადა აუსტრევიჩუსმა ლიტვურ გამოცემა Lietuvos zinios news-ს.
შეგახსენებთ, თავდაპირველად სააკაშვილის მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “მეტრონომმა” 26 ივლისს, რადას დეპუტატის “ფეისბუქ” “სტატუსის” მიხედვით გამოაქვეყნა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მოტყუების გზით მიიღო. კერძოდ, როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, სააკაშვილმა მიუთითა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობდა, თუმცა, საქართველოს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში.
ამჟამად აშშ-ში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამართლებრივ ბრძოლასა და უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს: “მე ერთი მოქალაქეობა მაქვს – უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულოს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება”.