“მეტრონომი”: სასამართლოდან
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევით გრძელდება. ნაჩვენები იქნება ჩანაწერები, რომლებიც დეკანოზ გიორგი მამალაძის და ირაკლი მამალაძის შეხვედრებს ასახავს, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დღევანდელ პროცესზე მოწმეები არ დაიკითხებიან.
“დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ ვაპირებთ გამოვიკვლიოთ წერილობითი დოკუმენტები, ასევე აუდიო-ვიდეო მასალები. ასევე, გამოკვლეული იქნება ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის გიორგი მამალაძის კუთვნილი იარაღი და შხამიანი ნივთიერება ციანიდი. დარწმუნებული ვართ, რომ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი ბრალეულობა.
დარწმუნებული ვართ, მტკიცებულებების შეჯამების შემდგომ, მოსამართლე გამოიტანს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და გიორგი მამალაძეს წარდგენილ ბრალდებაში გაამტყუნებს “, – განაცხადა პროკურორმა. როგორც მან განაცხადა, ვიდეოჩანაწერებსა და აუდიოჩანაწერებს შორის არის ირაკლი მამალაძის მიერ 30 იანვარს და 2 თებერვალს ჩაწერილი შეხვედრები. როგორც პროკურორი აცხადებს, ეს ის პერიოდია, როდესაც დეკანოზი ირაკლი მამალაძეს გერმანიაში წასაღებად ციანიდს სთხოვდა. სახელმწიფო ბრალდების მხარემ 100-ზე მეტი მოწმე დაკითხა. ამ დროისთვის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვა დაიწყება.
ავტორი: ნინი ცხადაია