თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტური გარდაუვალია,-ასე აფასებენ პოლიტოლოგები „მეტრონომთან“ საუბრისას “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს. მათი შეფასებით, კვლევების მიხედვით ჩანს, რომ ამომრჩეველი როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე, ოპოზიციამაც დაკარგა.
შესაბამისად, ისინი არ გამორიცხავენ, რომ თვიმმართველობის არჩევნებზე ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი არ მივიდეს, რაც სახელისუფლებო გუნდის კანდიდატს დააზარალებს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიციის და „ოცნების“ კანდიდატებს შორის, მეორე ტური გარდაუვალია.
შეგეხსენებთ, კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას, გამოკითხულთა 35%-ს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, 62%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემდა ხმას, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 3%-მა.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 37 %-მა უპასუხა, რომ – არცერთი.
23%-სთვის “ქართული ოცნება”, 9%-სთვის “ნაციონალური მოძრაობა”, 4%-სთვის “ევროპული საქართველო”, 4%-ს “პატრიოტთა ალიანსი” 3%-სთვის კი “ლეიბორისტული პარტიაა” მისაღები.
NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგში კახი კალაძე 30%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ალეკო ელისაშვილი 19%-ით და ზაალ უდუმაშვილი – 18%-ით.
კითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, ელენე ხოშტარიას მხოლოდ 5% ასახელებს, ხოლო 12%-ს პასუხი არ აქვს. გამოკითხულთა 4% კი ხმას არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56% ამბობს, რომ სასურველია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული არ იყოს.
გამოკითხულ მოქალაქეთა 21% ფიქრობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი უნდა იყოს, თუმცა, ამავდროულად, ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა ეკავოს.
ხოლო 7% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის ოფიციალურად პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა საჭირო არ არის.
გამოკითხულთა 15 %-მა შეკითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 2% პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან“ ამბობს, რომ NDI-ის კვლევებში მოცემული რეიტინგი მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, არ არის გასაკვირი, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რიცხვი მეტია.
ხუხაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს მთელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია; ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია მოსახლეობას ღირსეულ კადიდატს ვერ სთავაზობს; ვერ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას და ეს შედეგებიც კანონზომიერია. ანალიტიკოსის თქმით, პროცენტულ მაჩვენებლებზე შესაძლოა ვიდაოთ, თუმცა მონაცემებში რეალობაა ასახული. ქართული საზოგადოება ფიქრობს, რომ მას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ცუდი ჰყავს:
„62% ჩამოუყალიბებელი ადამიანი ე.წ. მიგრაციული ამომრჩეველია, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალას ეძებს. მას არ მოსწონს არც ხელისუფლება და არც – ოპოზიცია. ამ ხალხმა თავის დროზე ხმა, როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე, ბიძინა ივანიშვილს მისცა. ხოლო ორივე ხელისუფლებამ მათ იმედი გაუცრუა. ეს ადამიანები ახლა მესამე ძალას ეძებენ. თუმცა ჯერ არ იციან ეს მიგრაცია საით განიცადონ.
თუ კომპრომატების ომი არ დაიწყო, ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური იქნება. ამ კვლევის მიხედვით, მაღალი ალბათობით მეორე ტური გაიმართება, ხოლო, თუ მეორე ტურში გავიდნენ ალეკო ელისაშვილი და კახი კალაძე, მაშინ ელისაშვილს გამარჯვების შანსი ექნება.
თუ კალაძე და ზაალ უდუმაშვილი გავიდნენ, მაშინ კალაძე მას დიდი პროცენტით მოუგებს. საქმე იმაშია, რომ ელისაშვილს მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში, მთელი ოპოზიციის ამომრჩევლი მხარს მას დაუჭერს. უდუმაშვილის გასვლის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ოპოზიციის ამომრჩეველი ხმას არ მისცემს“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა „მეტრონომთან“.
ანალიტიკოსის განცხადებით, NDI-ის კვლევის შედეგი, რომ გამოკითხულთა 56%-ის აზრით, სასურველია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული არ იყოს, მისთვის ცოტა მოულოდნელია.
თუმცა ხუხაშვილის აზრით, ეს ახსნადია, რადგანაც საზოგადოება ერთის მხრივ ჩრდილოვან მმართველობას აპროტესტებს, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ კითხვა ასე დაისმებოდა: – თუ მას ხელისუფლებაზე გავლენა არ ექნება, ქვეყნის სატაბილურობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს? – ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში გამოკითხულთა უმრავლესობა მის ზეგავლენას მთავრობაზე უარყოფითად აღარ შეაფასებდა.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ გამოკითხვის მიხედვით, საზოგადოებას ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სურს.
კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ კვლევების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის სოლიდური ნაწილი დაკარგა. თუმცა, ძაბირაძის თქმით, აქ პრობლემა ის არის, რომ დაკარგული ამომრჩეველი არსად წასულა. ის სახლში დარჩა და მათი ხმები ოპოზიციურ პარტიებზე არ გადანაწილდა.
პოლიტოლოგის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, დაბალი აქტივობით გამოირჩევა. ეს გარემოებაც, რა თქმა უნდა, ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რიცხვს ზრდის.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრეც კი ვერ მოხდება ჩამოუყალიბებელი ადამიანების რიცხვის შემცირება:
„დღეს ამომრჩეველს მთელი პოლიტიკური ელიტის მიმართ უნდობლობა აქვს. ამიტომაც არის, რომ თბილისის მერობის კანდიდატად მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გავიდა. საზოგადოება ახალ და ცოდვებით დაუმძიმებელ პოლიტიკოსებს ეძებს. დიდი ალბათობით მეორე ტური იქნება, რადგანაც ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა.
ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი თუ არჩევნებზე არ მივა, მაშინ ეს „ქართული ოცნების“ კანდიდატს დააზიანებს, რადგანაც ეს ადამიანები ძირითადად ხელისუფლების ამომრჩევლები იყვნენ. ოპოზიციას თავისი ამომრჩეველი სტაბილურად ყოველთვის ჰყავს. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „პატრიოტთა ალიანსს“ თავისი ამომრჩეველი გამოკითხვების მიხედვით კვლავ დარჩა. თუმცა მეორე ტურში მაინც „ოცნების“ კანდიდატი გავა“,-ამბობს ძაბირაძე „მეტრონომთან“.
ავტორი: ელზა პაპოშვილი