ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ეროვნულ გამოცდებში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ  ერთიან ეროვნულ გამოცდებში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა. მისივე თქმით, კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გასულ წელსაც იგივე რაოდენობის აბიტურიენტებმა ვერ გადალახეს. შესაბამისად ეს მონაცემები  საგანგაშო არ არის.

ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აბიტურიენტების საგამოცდო პროცესი გუშინ ფიზიკასა და ხელოვნების გამოცდით დასრულდა. დღეს კი გამოცდებს მაგისტრობის მსურველი სტუდენტები ჩააბარებენ და ამით მთლიანად საგამოცდო პროცესი სრულდება. აბიტურიენტს საკუთარი ნაშრომების ხილვის შემდეგ აპელაციისთვის 5 დღის ვადა ექნება.

მიმინოშვილის თქმით, დღეს 12:00 საათიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ უნარების გამოცდებში შეფასებები იხილონ. ორშაბათიდან კი სხვა გამოცდების შედეგები ეტაპობრივად იქნება გამოქვეყნებული.

შეგეხსენებთ, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე 41 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა სასკოლო გამოცდები ვეღარ დაძლია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში 29 000 აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათგან 3% გამოცდაზე არ გამოცხადდა.
ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 5 აგვისტომდე გამოქვეყნდება.

 

იტვირთბა....