ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხანძარი წაღვერში: სპეციალისტების თქმით, ტყის მასივი ძნელად მისადგომია

წაღვერის ტყეში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობას მაშველები ამ წუთებში ცდილობენ. ცნობილია, რომ დასახმარებლად თბილისიდან ავიაცია გამოიძახეს. სპეციალისტების განცხადებით, ტყის მასივი ძნელად მისადგომია.

როგორც “რუსთავი 2”-ის ვებ გვერდის რედაქტორი იტყობინება, წაღვერში მისული პირველი სახანძრო მანქანა გაფუჭდა, რის შემდეგაც მეორე გამოიძახეს და დაახლოებით, საათნახევრის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილთან.

ამ დროისთვის ხანძარი 6 ათას კვადრატულ მეტრზეა მოდებული. იწვის ტყის მასივი წაღვერიდან 2 კილომეტრში, ე.წ. არჯევანიძეების ტყე. ახლომდებარე რაიონებიდან მიმდინარეობს სამაშველო ტექნიკის მობილიზება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქმის კურსშია.

უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მოსახლეობის ევაკუაცია არ დაწყებულა, რადგან ცეცხლის კერა, სავარაუდოდ, დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა.

წყარო: rustavi2.ge

იტვირთბა....