ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

უკრაინის სასამართლომ ჩერნოვეცკის დაპატიმრებაზე სანქცია გასცა

უკრაინის სასამართლომ ქვეყნის გენერალური პროკურატურის გამომძიებელს კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა მისცა. საქმე ეხება ჩერნოვეცკის მერობის დროს საინჟინრო ინფრასტრუქტურის უკანონო მშენებლობას კერძოდ კი კიევში ვერტმფრენის ასაფრენი ზოლის მშენებლობას. როგორც გენპროკურატურის პრესმდივანი აცხადებს, 14 ივლისს ჩერნოვეცკის ეცნობა, რომ ის ეჭვმიტანილია თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, კიევის ყოფილი მერი პასუხისმგებლობას თავს არიდებს, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, რომ კიევის ყოფილი მერი, რომელიც ოფიციალური მილიარდერია ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს.
1997 წლის აპრილიდან 2000 წლის იანვრამდე გახლდათ უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველი და პრეზიდენტის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს წევრი.
ოთხჯერ აირჩიეს უკრაინის სახალხო დეპუტატად. პარლამენტში ერთგული იყო პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასი, 2002 წლიდან მხარს უჭერდა ვიქტორ იუშენკოს. 1997 წლის 16 ივლისს დააარსა საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა”.
1998 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ლეონიდ დერკაჩმა ჩერნოვეცკი ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობაში დაადანაშაულა, რაზეც გამოძიებაც დაიწყო. საქმე დაიხურა მას შემდეგ, რაც ჩერნოვეცკიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის წინააღმდეგ შეეძლო სარჩელის შეტანა.
2001 წელს გახდა “კიევის საბანკო კავშირის” პრეზიდენტი. 2003 წლის 15 აპრილს კონცერნ “პრავექსის” სამსახურებრივმა მანქანამ ზებრა გადასასვლელზე კიევში გაიტანა 11 წლის ბავშვი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში იმყოფებოდა ჩერნოვეცკის მეუღლე ალინა აივაზოვსკაია, მძღოლმა კი მკვლელობის შემდეგ მანქანის ნომრები მოხსნა და მიიმალა. ჩერნოვეცკი უარყოფს ბავშვის სიკვდილთან კავშირს და აცხადებს, რომ ყველაფერი კიევის მთავრობამ მოაწყო მისი დისკრედიტაციის მიზნით.
2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნახევარ პროცენტზე ცოტა ხმა მოაგროვა (0,46%) და არჩევნებიდან გავარდა. “ნარინჯისფერი რევოლუციის” დროს ვიქტორ იუშენკოს დაუჭირა მხარი.
2008 წლის თებერვალს ჩერნოვეცკიმ იტალიურ ჯგუფ “ინტესა სანპაოლოს” “პრავექს ბანკის” აქციების 100 პროცენტი მიყიდა 750 მილიონ დოლარად. ჩერნოვეცკი ჟურნალ “ფორბსის” უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეთორმეტე ადგილზეა.
2009 წელს ჩერნოვეცკიმ საფეხბურთო კლუბი “კიევის არსენალი” შეიძინა. 2011 წელს ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ჩერნოვეცკიმ ქვეყანას 70 მილიარდი მოპარა და მიუხედავად ამისა, თავისუფლად მოგზაურობს მსოფლიოს ირგვლივ.
2012 წლის ბოლოს ჩერნოვეცკიმ საინვესტიციო კომპანია Chernovetskyi Investment Group დააარსა, რომლის საინვესტიციო პოტენციალიც 750 მილიონ დოლარს შეადგენს.
ჩერნოვეცკი საქართველოს მოქალაქეა, მან საქართველოში პოლიტიკური პარტია ,,ბედნიერი საქართველო” ჩამოაყალიბა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღო, 2015 წლის დეკემბერში განცხადება გააკეთა, რომ ის უარს ამბობს ბიზნესსაქმიანობაზე.

pirveliradio.ge

იტვირთბა....