ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გამოიტანოს და დაწვას ყველაფერი”: რას ედავება მაგდა პაპიძეს გარდაცვლილი ქმრის ოჯახი

ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობისთვის მსჯვარდებული მაგდა პაპიძე ქონებრივ დავას არ აპირებს. ამის შესახებ მაგდა პაპიძის ადვოკატმა ირმა ბრელიძემ GHN-ს განუცხადა.

რამენიმე დღის წინ პაპიძის დამ, ლანა პაპიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლილი მინდიკაურმა(მაგდა პაპიძის დედამთილი) მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ქონებრივი დავა დაიწყო. ლილი მინდიკაურმა GHN-თან განმარტა, რას უკავშირდება მისი ეს განცხადება:

„ჩემი ორი სიცოცხლე დამიბრუნონ და მანქანას კი არა, სიცოცხლეს დავუთმობ. არც მანქანა მაინტერესებს და არც ფული, უბრალოდ, იმასთან, რასაც ის ქალბატონი ეხებოდა, არ მინდა საერთოდ რამე კავშირი მქონდეს და ასეც მოვიქეცი, სახლიდან ყველაფერი გავიტანე. მხოლოდ მანქანა დარჩა, მინდა, რომ ესეც მოვიშორო. ამის გაყიდვის უფლება კი არ მაქვს, სანამ ზოგად მემკვიდრეობას არ ავიღებ. სარჩელი ამასთან დაკავშირებით შევიტანე. რას მედავებიან და რა კომენტარებს აკეთებენ, ჩემამდე არ მოდის”- აღნიშნა მინდიკაურმა.

თავად პაპიძის პოზიცია კი ამ საქმესთან მიმართებაში „ჯი-ეიჩ-ენს” მისმა ადვოკატმა, ირმა ბრელიძემ გააცნო. ის ორი დღის წინ პაპიძეს საპყრობილეში შეხვდა.

„მაგდა პაპიძე ამბობს, რომ დავას არ აპირებს. ყველაფერი ცეცხლსაც წაუღია, შეუძლია წაიღოს, იჩუქოს, დაწვას, გაანადგუროსო. არც არასდროს გამიელვებია თავში რომ ან მანქანა მომეთხოვა, ან მემკვიდრეობიდან წილი. თუ მისთვის მნიშვნელოვანია ის მანქანა, რომელშიც ჩემმა შვილმა თურმე სული დალია, თოკომ ბოლო წუთები დაჰყო, დაე, იყოს, მისი. სასამართლოზეც აუცილებლად მივალ და ჩემს სათქმელს ვიტყვიო, – ეს პოზიცია აქვს მაგდას.

ის ამბობს, მე თუ მკვლელად მივაჩნივარ, სახლში ყველაფერი ჩემი თანხითაა შეძენილი, გარემონტებული, მანქანაც დედაჩემის ნაყიდია, წესით და რიგით, შვილის და შვილიშვილის მკვლელის ნივთები უნდა აღიზიანებდეს, მათ ქუჩაში უნდა ყრიდეს, სასამართლოთი კი არ ითხოვდეს. არანაირი პრეტენზია მაქვს, გამოიტანოს და დაწვას ყველაფერი, თორნიკე დავკარგე და ჩემთვის აღარაფერს აქვს ღირებულება და მნიშვნელობაო,- ასე დამაბარა თქვენთან პაპიძემ“, – განაცხადა  ირმა ბრელიძემ.

რაც შეეხება ავტომობილს, რომელიც დავის საგანი გახდა, როგორც ადვოკატი აცხადებს, ის მაგდა პაპიძის დედის ნაყიდია.

„ავტომობილი ომარ ქაფიაშვილის სახელზეა. როგორც ჩანს, მინდიკაურმა ნოტარიუსს მიმართა, რომ ავტომობილი მემკვიდრეობით გადაეფორმებინა, ნოტარიუსმა კი უარი უთხრა, რადგან პირველი რიგის მემკვიდრე მაგდაა და მისი თანხმობაა საჭირო. ამიტომ ამ ქალბატონმა  სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომ მაგდას როგორც მემკვიდრის უფლება ჩამოართვან. არადა, ვიმეორებ, აღნიშნული ავტომობილი მაგდას დედის ნაყიდია, უბრალოდ ომარიმ გაიფორმა თავის სახელზე. ქაფიაშვილის დედამ იცის, რომ ამ მანქანის ყიდვაში მისი შვილის ერთი თეთრიც არ ურევია“, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, 2015 წლის დეკემბერში მაგდა პაპიძე ქმრის, ომარ ქაფიაშვილის და 5 წლის შვილის, თორნიკე ქაფიაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მისი გადაწყვეტილებით აღნიშნული საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა, რომელმაც იგი დამნაშვედ ცნო. მოსამართლემ პაპიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....