“მეტრონომი”: სასამართლოდან
“პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება შორენა თეთრუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა მასთან მივიდნენ მეუფე იაკობი და სხვა მეუფეები და დაარწმუნეს იმაში, რომ ის თანამდებობაზე დაეტოვებინა”- ამის შესახებ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული, გიორგი მამალაძის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დაკითხვის შემდეგ განუცხადა.
”სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სამჯერ მიიღო პატრიარქმა, არათუ ერთხელ”- განუცხადა მან ჟურნალისტებს. მისი თქმით, დადასტურებული ფაქტია, რომ შორენა თეთრუაშვილი ინტრიგების დიდოსტატია და ამის გამო ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა სურვილი, რომ ის ჩამოშორებოდა საპატრიარქოს საქმიანობას.
”სწორედ ამიტომ მიიღო პატრიარქმა გადაწყვეტილება, მისი გათავისუფლების” -განაცხადა ადვოკატმა.
პაატა მეხროშვილის თქმით, მოწმემ დაადასტურა რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი ეშუამდგომლა სახელმწიფოსთან გიორგი მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ გარკვეულმა სასულიერო პირებმა გადააფიქრებინეს.
პაატა მეხრიშვილი ამბობს, რომ პატრიარქს მეუფე იაკობმა და სხვა მეუფეებმა, უთხრეს რომ თავად გიორგი მამალაძისთვის უკეთესი იქნებოდა ციხეში ყოფილიყო, რადგან გარეთ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრებოდა.
”მოწმემ თქვა რომ პატრიარქი დაარწმუნეს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა გიორგი მამალაძე ციხეში მჯდარიყო გამოძიების მიმდინარეობის და საქმის განხილვის დროს. ამის შემდეგ შეიცვალა პატრიარქმა პოზიცია და აღარც ციხეში შესულა. ეს ოხანაშვილმა დაადასტურა”,- განაცხადა მეხრიშვილმა
ავტორი: ნინი ცხადაია