ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცრუ ტენდერები და ბიუჯეტიდან დაკარგული მილიონები

ტენდერში გამარჯვებული კომპანიების უმეტესობა ვალდებულებებს არ ასრულებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით რეგიონებშია შესამჩნევი, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა შუა გზაზეა მიტოვებული. გარდა იმისა, რომ დაწყებული საქმის დასრულება ვერაფრით ხერხდება, ბიუჯეტიდან თანხები იფლანგება. კომპანიებს გარკვეული თანხა ერიცხებათ, შესაბამისი მოცულობის სამუშაო კი არ სრულდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს და უგზო-უკვლოდ იკარგება.

სულ ახლახან სამუშაო პროცესი შეჩერდა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე იმის გამო, რომ ტენდერში გამარჯვებულმა უკრაინულმა კომპანია “ალტკომმა” სატენდერო პირობები დაარღვია. ანალოგიური მდგომარეობაა თბილისის გარეუბან ზაჰესში, სადაც ხიდის მშენებლობა იმავე მიზეზით შეფერხდა. ფოთში კი სულ ახლახან დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები (კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება) მიტოვებულია და არავინ იცის, რეალურად რაშია საქმე.

კარგად ნაცნობი ფაქტია, თბილისიდან ხელის ერთ გაწვდენაზე მდებარე სოფელი ბულაჩაური თუ როგორ დარჩა უწყლოდ წლების განმავლობაში. ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულება და მილიონობით ლარი უმიზნოდ გაფლანგა.

მსგავსი მაგალითები, როგორც მიმდინარე პერიოდში, ასევე უახლოეს წარსულში, მრავლად გვაქვს. კერძო ორგანიზაციები საქმეს იწყებენ, მაგრამ ძალიან ადვილად ტოვებენ და ამასობაში ბიუჯეტი მილიონობით თანხას კარგავს.

როგორც არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, ეს ხდება იმიტომ, რომ ტენდერში მუდმივად მთავრობის დაახლოებული პირები იმარჯვებენ და საქმის რეალური გამკეთებლები განზე რჩებიან. ეს რომ ასეა, “ეკო ტრანსპორტ ცენტრის” კვლევითაც დასტურდება, რომელიც ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე სწორედ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატენდერო პირობებს იკვლევს, სადაც ძალიან ბევრი დარღვევა ვლინდება. სისტემატურად ირღვევა პირობები, არ სრულდება ვალდებულებები და სამუშაო პროცესი ან ჭიანურება, ანდა შუა გზაზეა მიტოვებული. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია, როდესაც საქმე ეხება საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.

“როგორც ხდება ხოლმე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები იღებენ თანხებს ავანსის სახით, შემდეგ კი უჩინარდებიან. შემდეგ თავიდან ცხადდება ტენდერი. ამასობაში თანხა და დრო იკარგება. როგორც წესი, ტენდერში იმარჯვებს ერთი კომპანია, ხოლო სამუშაოს რეალურად ასრულებს სხვა – ქვეკონტრაქტორი. ამის ერთ-ერთი ტიპობრივი მაგალითი იყო “საქართველოს რკინიგზაში” ჩატარებული ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა ივანიშვილთან ასოცირებულმა კომპანიამ, რომელსაც ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა.

კიდევ ერთი ასეთი მაგალითია ზაჰესის ხიდის მშენებლობის პროცესი. პირველ ტენდერში მოგებულ კომპანიას 1,5 მლნ ჩაურიცხეს, მაგრამ მოულოდნელად გაუჩინარდა. თავიდან გამოაცხადეს ტენდერი და ვერც მეორედ გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულება.

სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ფაქტები, მდგომარეობა მასშტაბური სახისაა. საქმის მკეთებლები, გამოცდილი კომპანიები მხოლოდ ქვეკონტრაქტორის სახით გვევლილებიან და იგებენ გამოუცდელი, მაგრამ მთავრობასთან დაახლოებული პირები. საბოლოო შედეგი ისაა, რომ გვაქვს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ხოლო დრო და საბიუჯეტო სახსრები უმოწყალოდ იფლანგება. პირველ რიგში, ზარალდება სახელმწიფო. ჩვენ ისედაც დიდი დრო გვაქვს დაკარგული, სწრაფი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ, რომ დავეწიოთ თუნდაც განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირში”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ვასო ურუშაძემ.

სახელმწიფო სტრუქტურების სატენდერო პირობები მიუღებელია გაერთიანებული პროფკავშირებისთვისაც. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიტალი გიორგაძე განმარტავს, ძალიან ხშირად სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებენ გაურკვეველი წარმოშობის კომპანიები, რომლებსაც ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად არც კომპეტენცია ჰყოფნით და არც ტექნიკური უზრუნველყოფა აქვთ.

ხშირია როგორც სამუშაოების შეუსრულებლობა, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების უგულებელყოფა დასაქმებულების მიმართ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე უცხოურ კომპანიებს ეხება.

“კონკრეტული ფაქტების შესახებ მაშინ ვიგებთ, როცა დასაქმებულები დარღვეული უფლებების დაცვის თხოვნით მოგვმართავენ. ბოლო ასეთი შემთხვევა გვქონდა უკრაინულ “ალტკომთან” დაკავშირებით. კომპანიის წარმომადგენლებმა მოატყუეს ქართველი მუშები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი დამსაქმებლები ჩვენი მოქალაქეების უფლებებს აბუჩად იგდებენ.

ვინც არ უნდა იყოს დამსაქმებელი, ხელშეკრულებაში პირობები უნდა იყოს მკაფიო და სათანადოდ შესრულებული. არ შეიძლება, მუდმივად ჩვენი მხარე ზარალდებოდეს. გარდა იმისა, რომ ადამიანები ვერ იღებენ შრომის ანაზღაურებას, ზარალდება სახელმწიფოც, რომელიც კარგავს დროსა და ფინანსებს.

საბოლოოდ, სახეზეა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირ შემთხვევაში, ოჯახის ერთადერთი მარჩენლები არიან. ძალიან ბევრი ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ იცავს შრომისა და უსაფრთხოების სტანდარტებს და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას გაურბის.

დღემდე მაღალი რისკის კომპანიებს აგებინებენ ტენდერებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული. მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა უნდა უზრუნველყოს და კარგად ჩატარებული პროექტებითაც იამაყოს”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ვიტალი გიორგაძემ.

წყარო: “რეზონანსი”

 

იტვირთბა....