ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროს” შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ

დილიდან მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროს” შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გამოძიებას ამ წუთამდე პასუხი არ გაუცია, რატომ გაჩნდა სავაჭრო ცენტრში ხანძარი.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატო სალაყაია ამბობს, რომ  სამართალდამცველების თქმით, ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, თუმცა აქამდე პასუხი არ მიუღიათ. მისივე განცხადებით, „გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, თუ ვინ გააჩინა ხანძარი ,,ბავშვთა სამყაროს” შენობაში“ და ასევე, დაზარალებულების წინაშე უნდა დააყენოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებული იქნება ზარალი სრულად აანაზღაუროს.

აქციის მონაწილეები მთავარი პროკურატურის წინ სადღეღამისო მორიგეობას გეგმავენ. მათივე განცხადებით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჯული ელიავამ გუშინ შიმშილობა დაიწყო.

შეგახსენებთ, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული “ბავშვთა სამყარო” 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს.

21 თებერვალს კი მათ დამწვარ “ბავშვთა სამყაროსთან” შიმშილობის აქციაც დაიწყეს, თუმცა დიდხანს არ უშიმშილიათ. აპრილის დასაწყისში დაზარალებულები საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ და კომპენსაციის საკითხზე საკრებულოს პოზიცია მოისმინეს. დაზარალებულებს შორის აზრი ორად გაიყო – ნაწილი თანახმა იყო ერთჯერადად 3 ათას ლარიან კომპენსაციაზე, ნაწილი კი არა. მოგვიანებით ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციას დათანხმდნენ.

იტვირთბა....